პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა
FaceBook
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა.
დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა.

დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკსა და დეპუტატებს შეხვდნენ. გარდა ამისა, მათ ქალაქები - ბუჩა და ირპენი მოინახულეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ომის გამართლება შეუძლებელია, მითუმეტეს ომის, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ.

„ეს საშინელება უნდა დასრულდეს! ეს ტკივილი კიდევ უფრო მძიმე საყურებელია ჩვენთვის, ქართველებისთვის, ვინც საკუთარ თავზე 1990-იანი წლებში და 2008 წელს არაერთხელ გამოვცადეთ ომის საშინელება. უკრაინელებო, საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და პირადად მე, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და როგორც რიგითი ადამიანი, თქვენს გვერდით ვდგავართ. აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცით, სიმტკიცით, გაუტეხელობით. თქვენს გმირულ თავგანწირვას მომავალ თაობებს მოუყვებიან", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა. პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში, ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო, ლევან იოსელიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატები: ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიან.

საპარლამენტო დელეგაციამ წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკიმ ევროკავშირის პარლამენტებისა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერები უკრაინაში მიიწვია. შესაბამისად, მიწვევა მიიღო შალვა პაპუაშვილმაც. მან თავდაპირველად თქვა, რომ მიწვევა მიღებული არ ქონდა, ხოლო შემდეგ მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ის ავად იყო და უკრაინაში ჩასვლას ვერ შეძლებდა.

უკრაინაში 53 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print