პოლიტიკა
საქართველოდან უკრაინაში 8 კაციანი დელეგაცია გაემგზავრება
FaceBook
საქართველოდან უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია  გაემგზავრება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  უხელმძღვანელებს.
„ქართული ოცნებიდან" დელეგაციაში  იქნებიან: ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო ოპოზიციას დელეგაციაში ხუთი დეპუტატი წარმოადგენს: პარლამენტის ვიცე-სპიკერი პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანი, დეპუტატი პარტიიდან „საქართველოსთვის“ გიორგი ხოჯევანიშვილი, ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, დეპუტატი „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილი, პარლამენტის წევრი პარტია „ლელოდან“ ანა ნაცვლიშვილი.

მმართველი გუნდთან ერთად გამგზავრებაზე უარი თქვა "ნაციონალურმა მოძრაობამ". 

საქართველოდან დელეგაცია, სავარაუდოდ, 15-16 აპრილს გაემგზვარება. 

საქართველოს მთავრობაში უკრაინაში გამგზავრებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის რუსლან სტეფანჩუკისკან მიწვევა მიიღეს.

უკრაინელმა დიპლომატმა ევროკავშირის პარლამენტებისა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერები უკრაინაში მიიწვია. შესაბამისად, მიწვევა მიიღო შალვა პაპუაშვილმაც. მან თავდაპირველად თქვა, რომ მიწვევა მიღებული არ ქონდა, ხოლო შემდეგ მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ის ავად იყო და უკრაინაში ჩასვლას ვერ შეძლებდა.

3 აპრილს გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შესულ უკრაინელ სამხედროებს ქუჩებში დახოცილი, ხელფეხშეკრული და ნაწამები ადამიანების ცხედრები დახვდათ. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბუჩაში 410 ცხედარი იპოვეს.

უკრაინაში 51 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.









Print