პოლიტიკა
"უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა"
FaceBook
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში გაემგზავროს.
ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან კომუნიკაცია დღესაც ექნება და ვიზიტის დეტალებზე ისაუბრებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს. ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები.

დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე.

განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები.

ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ „იმედის“ ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით. და კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ“,- აცხადებს პაპუაშვილი.

უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა ევროკავშირის პარლამენტებისა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერები უკრაინაში მიიწვია. შესაბამისად, მიწვევა მიიღო შალვა  პაპუაშვილმაც. მან თავდაპირველად თქვა, რომ მიწვევა მიღებული არ ქონდა, ხოლო შემდეგ მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ  ის ავად იყო და  უკრაინაში ჩასვლას ვერ შეძლებდა. 

3 აპრილს გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შესულ უკრაინელ სამხედროებს ქუჩებში დახოცილი, ხელფეხშეკრული და ნაწამები ადამიანების ცხედრები დახვდათ. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბუჩაში 410 ცხედარი იპოვეს.

უკრაინაში 49 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
Print