პოლიტიკა
მარიუპოლში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
მარიუპოლში 160 000-ზე მეტ ადამიანს არ აქვს შუქი, კომუნიკაციები, წვდომა მედიკამენტებზე, სითბოსა და წყალზე  -  ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"მარიუპოლში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. 160 000-ზე მეტ ადამიანს არ აქვს შუქი, კომუნიკაციები, წვდომა მედიკამენტებზე, სითბოსა და წყალზე. რუსული ჯარები ბლოკავენ ჰუმანიტარულ დახმარებას, რათა აიძულონ დამცველები დანებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

მტერი მარიუპოლის დამორჩილებას  ომის დაწყების დღიდნავე ცდილობს. 

რუსული ჯარები ცდილობენ სრულად აკონტროლონ უკრაინის ტერიტორია სამხრეთ-აღმოსავლეთში, რათა უზრუნველყონ სახმელეთო დერეფანი ORDLO-დან ოკუპირებულ ყირიმამდე.

უკრაინაში 42 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 300-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
Print