პოლიტიკა
მზად ხართ დახუროთ გაერო? - ზელენსკი უშიშროების საბჭოს
FaceBook
„სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? ის აქ არ არის",
- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკის გაეროს უშიშროების საბჭოზე ჩართვისას.

მან მოითხოვა პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს ჩადენილი დანაშაულებისთვის და, ასევე, უზრუნველყოფილი იქნას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

"სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? ის აქ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უშიშროების საბჭო. სად არის მშვიდობა? რა არის ის გარანტიები, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს? თუ ამგვარი მდგომარეობა გაგრძელდება, მაშინ ქვეყნებს უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ იარაღის ძალის გამოყენებით მოუწევთ, გაერო უბრალოდ , შეიძლება დაიხუროს.

ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ გაერო დახუროთ? თუ არა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ. ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმა, რომ ვეტოს უფლება მკვლელობის უფლება არ იყოს.

ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები, რათა რუსეთმა არ დაბლოკოს საკუთარ აგრესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად, ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა. თუ ლაპარაკის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა აღარ დაგრჩენიათ. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა",
- განაცხადა ზელენკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მსოფლიო შორიდან უყურებდა რუსეთის აგრესიას :

"მსოფლიო უყურებდა მაგრამ არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ანექსია და არც ომი საქართველოში".

უკრაინაში 41 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.

უკრაინულმა არმიამ არაერთი ოლქი და ქალაქი გაათავისუფლა რუსი აგრესორებისგან.





Print