პოლიტიკა
დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა.
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საკითხი განიხილება.

„ეს არის სამხედრო დანაშაულები, რომლებსაც მსოფლიო მომავალში აღიარებს გენოციდად“, – განაცხადა ზელენსკიმ, რომელიც გუშინ პირადად ჩავიდა კიევის ოლქში მდებარე ქალაქში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი მუშაობს თავის პარტნიორებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროკავშირთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, პასუხისმგებელი პირების დასადგენად.

რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ბრალდებას უარყოფს.

უკრაინაში 41-ე დღეა ომია.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2 აპრილს განაცხადა რუსეთის არმიისგან კიევის ოლქის სრული გათავისუფლების შესახებ. მომდევნო დღეს მსოფლიოს მასმედია მოიარა კადრებმა, რომლებიც საერთაშორისო სააგენტოების ჟურნალისტებმა გადაიღეს კიევის შემოგარენში, იმ რაიონებში, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული.

ამ პატარა ქალაქებში იპოვეს მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის გვამი, ბევრ მათგანს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. ისინი თავში გასროლით არიან მოკლული. როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, წასვლამდე რუსეთის ჯარები შეეცადნენ ზოგიერთი ცხედრების დაწვას.
Print