პოლიტიკა
"მარიუპოლი არის რუსეთის მთავარი სამიზნე" - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
FaceBook
რუსების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში მძიმე შეტაკებები გრძელდება.

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსული ჯარები ქალაქის აღებას ისევ ცდილობენ.

"მარიუპოლი არის მთავარი სამიზნე რუსული შემოჭრისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს სახმელეთო დერეფანს რუსეთიდან ოკუპირებულ ყირიმამდე. ქალაქი კვლავ ექვემდებარება ინტენსიურ განურჩეველ დარტყმებს, მაგრამ უკრაინული ძალები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ და ინარჩუნებენ კონტროლს ცენტრალურ უბნებზე",
- აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.

მარიუპოლი ერთი თვეა რუსი სამხედროების ალყაშია. ქალაქში ჰუმანიტარული თვალსაზრისით კვლავ მძიმე მდგომარეობაა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მარიუპოლში რუსმა სამხედროებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

ოკუპანტების ჯარი სასტიკად გაუსწორდა ადგილობრივებს ბუჩაში. რუსი ჯარისკაცებისგან გაწმენდილ ქალაქში უკრაინელ სამხედროებს ტრაგიკული სურათი დახვდათ. ქუჩებში ათობით სამოქალაქო პირის ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული. ადგილობრივები ყვებიან რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ წამებისა და გაუპატიურების ფაქტებზე.

უკრაინაში 40 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.










Print