პოლიტიკა
"რა დროს კეტჩუპი და ფქვილია? ეს სირცხვილია" - პრეზიდენტი ოპოზიციას
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციაც სცოდავს, როცა ცდილობს ქვეყნის გარეთ გააშავოს საქართველოს სახელი.


სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასეთი განცხადებებით ოპოზიცია არ ან ვერ ელევა პოლიტიკურ პროვოკაციებს და ამით ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

"ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომ შიში ვამჯობინეთ ღირსებას, თითქოს, ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის, ან კიდევ უარესი - როცა ამტკიცებს, რომ მთავრობამ, მაშასადამე ქვეყანამ, შეცვალა პროდასავლური კურსი. ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა? როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას და მტრის საქმეს აკეთებს",
- განაცხადა პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მან გასულ დღეებში თბილისში გამართულ აქციებზეც ისაუბრა, სადაც აქტივისტებმა პოლიციელებს ფქვილი შეაყარეს, პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კი კანცელარიის შენობას კეტჩუპი შეასხა. მისი თქმით, პოლიციელების შეურაცხყოფა დაუშვებელია.

"ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა დროს კეტჩუპი და ფქვილია? ეს სირცხვილია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ოპოზიცია, პროვოკაციების გზით, მთავრობის შერყევის მცდელობაშიც დაადანაშაულა.

"ოპოზიცია სცოდავს, როცა რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამით ცდილობს მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ თუ ვერ ელევა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. მას საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ 5 მარტს უნდოდა მისვლა, თუმცა, უმრავლესობამ სხდომა არ ჩანიშნა.

პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის დროებით წარმომადგენელთან ანდრეი კასიანოვთან ერთად მივიდა. მას მხედველობიდან არც საქართველოს ელჩის უკრაინაში გაწვევის საკითხი გამორჩენია და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატის უკან დაბრუნება სთხოვა.

Print