პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის წინსვლა მნიშვნელოვნად შენელებულია
FaceBook
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ დასახლებული ტერიტორიების დაბომბვა ადგილობრივთა მორალურ გატეხვას (დასუსტებას) ემსახურება.
თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგობამ რუსები გააოცა. 

სამინისტროს ცნობით, რუსეთმა სწორედ ამის საპასუხოდ ამოიღო სამიზნეში ისეთი დიდი ქალაქები, როგორიც არის ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ქალაქების დაბომბვა ჰგავს 2016 წელს სირიასა და 1999 წელს ჩეჩნეთში მათ სტრატეგიასა და ჩატარებულ სამხედრო კამპანიებს, როდესაც რუსეთის სამხედროებმა დასახლებული ტერიტორიების ინტენსიური დაბომბვა განახორციელეს.

ამასთანავე, ანგარიშში ნათქვამია, უკრაინამ რუსეთის მომმარაგებელი ხაზებს შეუტია, რის გამოც რუსეთის წინსვლა მნიშვნელოვნად არის შენელებული. 

უკრაინაში მეთერთმეტე დღეა ომია. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
Print