პოლიტიკა
უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებისთვის ბელარუსის საზღვართან ჩავიდა
FaceBook
უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის უკრაინა-ბელარუსის საზღვართან უკვე ჩავიდა.
ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაშია თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.

27 თებერვალს სატელეფონო საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკი და ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო შეთანხმდნენ, რომ უკრაინა-რუსეთის დელეგაციები ბელარუსის საზღვარზე ერთმანეთს წინაპირობების გარეშე შეხვდებიან. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ალექსანდრ ლუკაშენკო უსაფრთხოების გარანტიებს დაპირდა.

უკრაინელების მთავარი მოთხოვნა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანაა. 

უკრაინა მეხუთე დღეა იგერიებს  რუსეთის თავდასხმებს. 

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print