პოლიტიკა
თურქეთი შავ ზღვაში რუსული ხომალდების შესვლას შეზღუდავს
FaceBook
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ ქვეყანა შეასრულებს მონტროს კონვენციის იმ ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების შესვლას ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქული პრესა ავრცელებს.

"ეს არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია. ჩვენ შევასრულებთ მონტროს კონვენციას", - განაცხადა ჩავუღოლუმ

ჩავუშოღლუმ ასევე განმარტა, რომ თურქეთს არ შეუძლია დაბლოკოს შავ ზღვაში მიმავალი ყველა რუსული ხომალდი, რადგან, მონტროს კონვენციის თანახმად, თურქეთი ვერ შეზღუდავს იმ გემებს, რომლებიც საკუთარ ბაზაზე ბრუნდებიან.

"ეს გამონაკლისი ბოროტად არ უნდა გამოიყენონ. გემები, რომლებიც გადიან სრუტეებში და ამბობენ, რომ საკუთარ ბაზაზე ბრუნდებიან, არ უნდა ჩაერთონ ომში".

1936 წელს ხელმოწერილი მონტროს კონვენცია საშუალებას აძლევს თურქეთს, რომ ომის დროს შეზღუდოს სამხედრო ხომალდების გადაადგილება დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში.

უკრაინა მეხუთე დღეა ცდილობს იგერიებს  რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print