პოლიტიკა
უკრაინა - განადგურებულია მტრის 27 თვითმფრინავი და 146 ტანკი
FaceBook
უკრაინული მხარის უახლესი ცნობის თანახმად, ომის პირველი სამი დღის განმავლობაში გაანადგურეს მოწინააღმდეგის 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი, 146 ტანკი და 706 საბრძოლო მანქანა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განადგურებულია მოწინააღმდეგის დაახლოებით 4 300 ჯარისკაციც, თუმცა, უწყების თანახმად, ეს რიცხვი დასაზუსტებელია.

ბოლო მონაცემებით, ქალაქებს კიევს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს და ხარკოვს უკრაინა სრულად აკონტროლებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
Print