პოლიტიკა
"ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ განხორციელებულიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა"
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მინსკში მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან არ დაესხმებოდა უკრაინას თავს.
"თქვენი ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ მომხდარიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა. მოლაპარაკებების ადგილად სხვა ქალაქების გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო - ჩვენ შევთავაზეთ ისინი რუსებს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა - ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ გულწრფელი მოლაპარაკებები და ომის დასრულება შესაძლებელი იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ ბელარუსი ხალხისადმი მიმართვაში.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა.

27 თებერვლის ღამით, რუსების თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი აფეთქდა კიევის საიხლოვეს, ქალაქ ვასილკოვში, სადაც დიდი სამხედრო საფრენი ბაზა და ტანკებია განთავსებული. ვასილკოვოში აფეთქების გამო უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობა ძლიერი ქიმიური დაბინძურების შესახებ გააფრთხილა და სთხოვა, არც აფეთქების ადგილის სიახლოვეს და არც კიევში, რომელიც აქედან დაახლოებით 30 კილომეტრითაა დაშორებული, არ გააღონ ფანჯრები.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print