პოლიტიკა
კიევში კონტროლს კვლავ უკრაინის სამხედრო ძალები ინარჩუნებენ
FaceBook
27 თებერვალს, ღამის განმავლობაში ძლიერი თავდასხმების მიუხედავად, კიევში კონტროლს კვლავ უკრაინის სამხედრო ძალები ინარჩუნებენ. ადგილობრივი დროით 7:30-ზე კიევის მერის მოადგილემ თქვა, რომ ქალაქში ჯერჯერობით სიმშვიდეა, თუმცა ღამის განმავლობაში იყო დივერსანტების მხრიდან თავდასხმები.

თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა გაავრცელა მიმართვა, სადაც აჯამებს, როგორ იბრძოდა უკრაინის არმია 72 საათის განმავლობაში.

"ეს იყო სამი დღე, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. სად არიან ისინი, ვინც კიევის აღებას 2 საათში გვპირდებოდა? სად არიან? მე მათ ვერ ვხედავ. მხოლოდ მათი თავის მართლება მესმის.

მაგრამ მე ვხედავ გმირ არმიას, გამარჯვებულ გვარდიას, უშიშარი მესაზღვრეებს, თავგანწირულ მაშველებს, საიმედო პოლიციელებს, დაუღალავ ანგელოზებს - სამედიცინო მუშაკებს. ყველა, ვინც თავის მოვალეობას ასრულებს.

მე ვხედავ ათასობით და ათასობით მოქალაქეს, რომლებმაც აიღეს იარაღი, შეუერთდნენ ტერიტორიულ თავდაცვის რიგებს და იბრძვიან“, - წერს იგი.

27 თებერვლის ღამით, რუსების თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი აფეთქდა კიევის საიხლოვეს, ქალაქ ვასილკოვში, სადაც დიდი სამხედრო საფრენი ბაზა და ტანკებია განთავსებული. ვასილკოვოში აფეთქების გამო უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობა ძლიერი ქიმიური დაბინძურების შესახებ გააფრთხილა და სთხოვა, არც აფეთქების ადგილის სიახლოვეს და არც კიევში, რომელიც აქედან დაახლოებით 30 კილომეტრითაა დაშორებული, არ გააღონ ფანჯრები.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print