პოლიტიკა
"მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომელიც მთავრობაზე უკეთესია'' - ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში გამართულ აქციებს ეხმაურება და ამბობს, რომ არის დრო, როცა მოქალაქეები მთავრობაზე უკეთესები არიან.

"გასაოცარი ქართველი ერი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! მადლობა ყველას თბილისსა და სხვა ქალაქებში, ვინც გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ. მართლაც, არის დრო, როცა ხალხი მთავრობა არ არის, არამედ მასზე უკეთესია'',- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე.

უკრაინის მხარდასაჭერი აქციები საქართველოში მეორე დღეა მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში არ გაემგზავრება და საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაში.

უკრაინა მესამე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს 137 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.


Print