პოლიტიკა
მარტო დავრჩით - ვოლოდიმირ ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვლის ღამით გახმიანებული მიმართვისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების პოზიციებსა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყველას ეშინია, პასუხი გასცეს კითხვას, გახდება თუ არა უკრაინა ალიანსის წევრი.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხდა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან და ამას მხოლოდ სიტყვით არ აკეთებენ.

“თუმცა, მეორე საკითხია — მარტო დავრჩით ჩვენი სახელმწიფოს დაცვისას. ვინ არის მზად, იბრძოლოს ჩვენთან ერთად? მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ ასეთ ხალხს. ვინ არის მზად უკრაინას ნატოში გაწევრიანების გარანტია მისცეს? გულწრფელად [რომ ვთქვათ], ყველას ეშინია…” — დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ მოსახლეობას უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, რუსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა კიევში შეაღწიეს. პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ ჯგუფების სამიზნე ის და მისი ოჯახი არიან.

რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკვე დაიკავეს.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს უკრაინაში 137 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.



Print