პოლიტიკა
"ვაპირებ, ხელი მოვაწერო პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოთხოვნას'' - სალომე ზურაბიშვილი
FaceBook
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია.
ამის შესახებ მან ორბელიანების რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა მივმართო მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას თუ ოპოზიციას და მთავრობას, დღეს როგორც არასოდეს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს. მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო",
- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ეროვნული თანხმობის დღევანდელი სესია, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო გაუქმდა, რადგან “დღეს ეროვნული თანხმობის საკითხი არის ერთი – უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ”.

მისი თქმით, უკრაინამ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია თავიდან ვერ აიცილა. ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო უკრაინის გვერდზე დგას და ეს დღე ტრაგიკულია როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მშვიდობისმოყვარე ყველა დემოკრატიული ერისთვის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.

Print