პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლების „ტვიტერზე“ გამოხატული მხარდაჭერა უკრაინას
FaceBook
საქართველოს მთავრობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტს, რამდენიმე საათის დაგვიანებით გამოეხმაურა.

ხელისუფლების წარმომადგენლები, ძირითადად, „ტვიტერზე“ მოწოდებებით შემოიფარგლნენ.  

უკრაინის მოვლენებს ხელისუფლების წარმომადგენლებიდან  პირველი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან მხოლოდ წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება არ მოხერხდა. 

"სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად და საერთაშორისო ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ამ რთულ დროს უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს პაპუაშვილი ტვიტერზე.

პარლამენტის თავმჯდომარის მხარდამხარ "ტვიტერზე" თავისი მხარდაჭერა გააჟღერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან რუსეთის უკრაინაში შეჭრით ქართველი ხალხის შოკირებულ მდგომარეობას გაუსვა ხაზი.

"უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ [რუსეთს] სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ",
- წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

უკრაინაში ომის დაწყების მიმართ თავისი დამოკიდებულება "ტვიტერში" გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. 

"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მხარდაჭერის ერთი წინადადებით შემოიფარგლა თბილისის მერი კახა კალაძე. ის ტვიტერზე უკრაინას გამარჯვებას უსურვებს.

"მშვიდობა და გამარჯვება ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს!" - წერს კალაძე.

რუსეთმა დღეს, 24 თებერვალს, დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით შეიჭრა.
Print