პოლიტიკა
"მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობას დაუბრუნდეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  მსოფლიო ლიდერებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით, ანტიპუტინის კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის დაუყოვნებლივი შეჩერების მოწოდებით მიმართა.

"მოვუწოდებ დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. ჩვენ ვაშენებთ ანტიპუტინისტურ კოალიციას. დაუყოვნებლივი სანქციები, თავდაცვა და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინისთვის. საჰაერო სივრცის დახურვა. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობას დაუბრუნდეს", - წერს ზელენსკი.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

"ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს დილით პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასში. რუსეთმა დაარტყა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას და ჩვენს მესაზღვრეებს. უკრაინის ბევრ ქალაქში ისმოდა აფეთქებები. ვაწესებთ საომარ მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ერთი წუთის წინ საუბარი მქონდა პრეზიდენტ ბაიდენთან. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო საერთაშორისო მხარდაჭერის გაერთიანება. დღეს თითოეულმა თქვენგანმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ. ჩვენ ვმუშაობთ. ჯარი მუშაობს. თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელი სექტორი მუშაობს. არავითარი პანიკა. ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ უკრაინა,"
- განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.



Print