პოლიტიკა
უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს
FaceBook
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ, მათ კი, ვინც უკვე იქ იმყოფება, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების გაწევის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.

აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.


Print