პოლიტიკა
უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ - ირაკლი კობახიძე
FaceBook
უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, ძალიან შემაშფოთებელია ის მდგომარეობა და ტენდენცია, რაც უკრაინაში ხდება.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, საქართველო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას და ამა თუ იმ გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს.

„უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი თუ განცხადება. ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.

„გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტომ განცხადება გაავრცელა, მათ შორის მიმართა მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. აქაც დავაკვირდებით ყოველდღიურად მოვლენებს და ამის მიხედვით გადაიდგმება ნაბიჯი“,- განაცხადა კობახიძემ.

რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობა უკიდურესად არის დაძაბული. უკრაინის საზღვართან, ასიათაზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი კიდევ  გაიზრდება. რუსეთი ირწმუნება, რომ თავდასხმას არ გეგმავს და დასავლეთისგან მოითხოვს შეცვალოს ნატოს გაფართოების გადაწყვეტილება. კონკრეტულად, კრემლის სურვილია, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაკეთებული ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, შეიცვალოს შემდეგნაირად: "საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან" ნატოს წევრი ქვეყნები.

სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა უკრაინაზე მალე დაიწყება, რადგან რუსეთს არ აქვს ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ჯარები უკრაინის საზღვართან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს.
Print