პოლიტიკა
დღეს “ნაციონალური მოძრაობა“ აქციას გამართავს
FaceBook
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით  დღეს აქციას გამართავს. 
პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა სცენა, საიდანაც გამომსვლელები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

„სცენა მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა იმისთვის, რომ ხელი არ შევუშალოთ საახალწლო ღონისძიებებს. გადაიკეტება რუსთაველის გამზირი. რაც შეეხება მსვლელობას, ზოგი რეგიონიდან ჩამოდის, ზოგი სადღაც შეიკრიბება და ამ მხრივ შეიძლება მსვლელობა იყოს, ასევე თავისთავად იქნება სიტყვით გამოსვლები“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საპროტესტო აქცია 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება. 

მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი უკვე გამოტანილია.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

მესამე პრეზიდენტი ასევე ფიგურირებს 7 ნოემბრის საქმეში და იმედში შეჭრაში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. 10 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

მიხეილ სააკაშვილს ასვე ბრალი ედება სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. 


Print