პოლიტიკა
ქუთაისის 4 პოლიკლინიკის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს
FaceBook
"ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით," - ამბობენ პოლიკლინიკიდან განთავისუფლებული თანამშრომლები.

ქუთაისის მე - 4 შერეული პოლიკლინიკიდან განთავისუფლებულმა თანამშრომლებმა, ამავე პოლიკლინიკის დირექტორის წინააღმდეგ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

როგორც პოლიკლინიკიდან განთავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, პოლიკლინიკის დირექტორმა ირაკლი ბრეგაძემ, ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და რეალური მიზეზების გარეშე გაანთავისუფლა.

"კვალიფიციური კადრები უმიზეზოდ მხოლოდ საკუთარი სურვილით გაანთავისუფლა, ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით და იმედი გვაქვს სიმართლე გაიმარჯვებს," - ამბობენ პოლიკლინიკიდან განთავისუფლებული თანამშრომლები.

ქუთაისის მე-4 შერეული პოლიკლინიკის თანამშრომლები ამავე პოლიკლინიკის დირექტორს და ქუთაისის მერიას მიმდინარე წლის 16 ნოემბერს სოციალურ ქსელში ღია განცხადებით დაუპირისპირდნენ.

"პოლიკლინიკაში მობრძანდა ახალი დირექტორი ირაკლი ბრეგაძე, რომელიც ერთპიროვნულად დანიშნა ქუთაისის მერმა. მოსვლის დღიდან დირექტორი ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე," - ნათქვამი იყო მეოთხე შერეული პოლიკლინიკის თანამშრომელბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის მე-4 შერეული პოლიკლინიკის თანამშრომლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, პოლიკლინიკის დირექტორმა ირაკლი ბრეგვაძემ, დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.

პოლიკლინიკიდან განთავისუფლებულმა თანამშრომლებმა ამავე პოლიკლინიკის დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 11 დეკემბერს შეიტანეს.

Print