პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან წერილს აქვეყნებს.
მისივე თქმით, მას დაკავების მოლოდინი კიევის დატოვების შემდეგ ჰქონდა.

„ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართველო საზოგადოება, როცა ყველაფერი მივატოვე კიევში და ჩამოვედი, ვიცოდი რომ, დიდი ალბათობით, დამაკავებდნენ. დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა, ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. ძალიან მინდა გთხოვოთ, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები.

ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტივობასა და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია. მიყვარხართ, თქვენი ერთგული მიხეილ სააკაშვილი“,
- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც დილით გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც ამბობს რომ ის 8 წლის შემდეგ ბათუმშია.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.

თუმცა, მთავრობის წევრები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.


ამავე თემაზე:



Print