პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია და შეირჩა ისეთი დრო, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

“ჩვენ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია, მისი გადადგილების შესახებ. დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით. ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს  მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, სადაც ამბობს რომ ის 8 წლის შემდეგ ბათუმშია.

10 საათისთვის კი დადო ვიდეო, რომელიც მისი თქმით, ბათუმშია გადაღებული. ამ ვიდეოში სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, წავიდნენ არჩევნებზე.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება. თუმცა,  მთავრობის წევრები  მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 


ამავე თემაზე:






Print