პოლიტიკა
"დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება" - მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბათუმშია (ვიდეო)
FaceBook
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ იმყოფება ბათუმში და მხარდამჭერებს მალე შეხვდება თბილისში.

მისი თქმით, იგი ვიდეომიმართვის ჩაწერის მომენტში ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა, 3 ოქტომბერს კი მისი თქმით, 100 000 ადამიანი თავისუფლების მოედანზე უნდა შეიკრიბოს.

"ეს არის ჩემი ბათუმი, ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას", თუ არ მოგწონთ "ნაციონალური მოძრაობა". მიეცით ხმა შედარებით პატიოსან პარტიას. აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება. ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და სამში შევიკრიბოთ რუსთაველზე, გავავსოთ თავისუფლების მოედანი და თუ ჩვენ ვიქნებით 100 00 ადამიანი, ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვამარცხებს. აბა თქვენ იცით, თქვენს იმედზე ვარ. ხომ ხედავთ ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე. აბა თქვენ იცით, მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში",
- ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფება. ორი დღის წინ კი ყოფილმა პრეზიდენტმა კიევი-თბილისის ბილეთი გამოაქვეყნა, სადაც მითითებული იყო მგზავრობის თარიღი 2 ოქტომბერი.
Print