პოლიტიკა
კოპირებული დაპირებები "ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში
FaceBook
მმართველი გუნდიდან ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, ქალაქის პირველი პირის სავარძლის დასაკავებლად  უკვე მეორედ იბრძვის.
პირველად, 20
20 წელს, მაშინ როცა, 8 კანდიდატს შორის გაუჭირდა მერის მანდატისათვის საჭირო ხმების მიღება და მეორე ტური დასჭირდა. ახლა მას ქუთაისელი ამომრჩევლების გულის მოგება 5 კანდიდატს შორის უწევს.

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მზადებას და ამომრჩევლებთან წარდგენას ოფიციალურად 3 სექტემბრიდან შეუდგა. თუმცა, ჩანს დაპირებების გაცემაში დიდი ძალისხმევა არ დაუხარჯავს, რადგან წელსაც იგივე დაპირებები და შეთავაზებები აქვს, რაც წინა (2020 ) წლის საარჩევნო კამპანიის დროს ჰქონდა.

"ოცნების" მერობის კანდიდატი ამომრჩევლების წინ ზოგადი და წინა წელს დაწერილი დაპირებებით წარსდგა.

მაგალითად, 15 სექტემბერს, იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, სასტუმრო „ნიუპორტში“ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს შეხვდა. სოსო ხახალეიშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში,  ქუთაისს ტრადიციების და ინოვაციების ქალაქად აქცევს.

„მჯერა, ერთად ვაქცევთ ქუთაისს ტრადიციების და ინოვაციების ქალაქად!“

"მერად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ, ვითანამშრომლო თითოეულ მოქალაქესთან, ვისაც მიაჩნია, რომ შეუძლია ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე ქუთაისისთვის საკეთილდღეო საქმე აკეთოს და დასაბუთებულად წარმოადგინოს ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის და გამოწვევის დაძლევის მისეული ხედვა".

"ჩვენი ქალაქი უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ვიზიტორებისთვის და სერიოზულად პოზიციონირებს ტურისტულ რუკაზე. ტურიზმის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ“ .

"ქუთაისი უნდა იყოს სინერგიული განათლების ცენტრი, ეკო ქალაქი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე ევროპაში", - ასეთია "ოცნების" კანდიდატის 2020/2021 წლების ზოგადი და გამეორებული საარჩევნო დაპირება.

თუმცა, ვიდრე ქუთაისი ინოვაციების თუ ეკო ქალაქი და სხვადასხვა საგანმანათლებლო კერა გახდება , მანამდე "ოცნების" მიერვე დაპირებული ელექტრომობილების ქარხანაა ასამუშავებელი, ასსაფეხურიანი კიბეებია მოსაწესრიგებელი, 60 ათასამდე სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო უნისვერსიტეტში მისაღები და ბოლოსდაბოლოს წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩაზე გზის საფარია მოსაწყობი.

მერობის კანდიდატი ჩვენთან საუბარში თავადაც არ უარყოფს, რომ საარჩევნო გზავნილები თითქმის კოპირებულია, თუმცა ამის მიზეზს ასე ხსნის:

„ეს არის ის, რომ მე არ მოვდიოდი მხოლოდ ერთი წლით. რაც ვთქვი , იმას, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ. ეს არის მოცემულობა, რომელიც გვინდა, რომ გამოვასწოროთ. ამიტომ, მინდა ყველამ იცოდეს, რომ რასაც ვიტყვით და დავპირდებით, მაქსიმალურად შევეცდებით შევასრულოთ. მე შვიდი თვის განმავლობაში ვიყავი მერი და ამ პერიოდში ცოტა რამ არ გაკეთებულა“.

"გაკეთებულ" საქმეებს შორის რაც პირველი ახსენდება, ქალაქისთვის როიალის შეძენა და მოსკოვის სახელობის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის გადარქმევაა.

ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანაც მის მთავარ დამსახურებად მიაჩნია.  2020 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ხახალეიშვილმა თქვა, რომ მოსახლეობას ახალი, მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურებოდა. არჩევნებიდან რამდენიმე თვეში ქალაქში ლურჯი ავტობუსები შემოვიდა, თუმცა, ამ საკითხზე მუშაობა წლების წინ დაიწყო. ასევე, ქალაქს ლურჯი ავტობუსები არა საჩუქრად, არამედ სესხის სანაცვლოდ გადაეცა.

„ამის თავის მობმა რომ შეძლებოდა სხვას, აიღებდა სესხს და გააკეთებდა, მაგრამ აქ მენეჯმენტია და ნებაა, რომ უნდა გააკეთო. ამის თანხას გარკვეულწილად სახელმწიფოც იხდის და შეღავათიანი სესხია გაკეთებული, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეს ტრანსპორტი შემოგვეყვანა ქალაქში“, - განმარტავს სოსო ხახალეიშვილი. ასევე, მის დამსახურებად თვლის სავაჭრო ცენტრი "კარფურის" გახსნასაც.

თვლის, რომ მთავარი შრომა და გასაკეთებელი წინ აქვს, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განახორციელებს.

დასაქმების დონის ამაღლება, ბიზნესის ხელის შეწყობა, ქალაქის გენერალური გეგმის შედგენის დასრულება, ქალაქის თანაბარი განვითარება და ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - ეს არის მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის ის ძირითადი პრიორიტეტი, რომელსაც როგორც თავად ამბობს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად გააკეთებს.

სოსო ხახალეიშვილის თქმით, სულაც არ არის შეუძლებელი დასაქმების პრობლემის მოგვარება და გვიხსნის, რომ ეს არ არის მხოლოდ დაპირება დაპირებისთვის.

„დაპირება ნამდვილად რეალურია, იმიტომ რომ აქ რამდენიმე მდგენელი არის. პირველი, ის რომ უკვე დაწყებულია თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პროგრამა, რომელიც გულისხმობს არა მარტო თანხების დატოვებას ადგილობრივ ბიუჯეტში, არამედ, გარკვეული უფლებების მინიჭებას თვითმმართველობისთვის. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს ბიზნესისთვის პრეფერენციის (ეკონომიკური უპირატესობა) მინიჭების უფლება. მეორეს მხრივ, ვთანამშრომლობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან გარკვეული შუამდგომლობებით და გარკვეული მხარდაჭერით იმ ბიზნესთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენთან მოდიან და ითხოვენ დახმარებას. რამდენიმე დღეში თვითმმართველობის მხრიდან გარკვეული ნაბიჯი იქნება გადადგმული მცირე და საშუალო ბიზნესის მხადაჭერისათვის".

მერობის კანდიდატთან ერთად, ზოგადი და მრავალზგის გაცვეთილი დაპირებების გამეორებისთვის ძალისხმევას არ იშურებენ თვითმმართველობის წარმომადგენლებიც, რომლებიც ამორჩევლებთან შეხვედარში აქტიურად მონაწილეობენ. თვლიან, ეს არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყნება, არამედ ერთი გუნდის ერთობლივი მუშაობაა.


სოსო ხახალეიშვილი ამომრჩევლებს საკრებულოს დეპუტატთან ერთად ხვდება

მერობის კანდიდატს სჯერა, რომ ქუთაისი მრავალფუნქციური და დეცენტრალიზებული ქალაქი გახდება, რომელიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად მიიღებს. "ოცნების" მერობის კანდიდატს დეცენტრალიზაციის თავისებური გაგება აქვს და ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს მხოლოდ უწყებების თუ შენობების გადატანა-გადმოტანას.

ის, რომ ყველა რეგიონი განვითარებული უნდა იყოს ეს "ოცნების" საარჩევნო სუბიქტების პლაკატებზეც "განვითარება ყველა რეგიონს" - ვკითხულობთ.

თუმცა, ნაკლებად დამაჯერებელია გზავნილი იმ ფონზე, როცა თბილისიდან ქუთაისში, პარლამენტთან ერთად გადატანილი სამთავრობო უწყებები, სწორედ "ქართულმა ოცნებამ" დააბრუნა  დედაქალაქში.

"მე, მართალია, არ ვიყავი წინააღმდეგი პარლამენტის ქუთაისში დატოვების, მაგრამ არა მგონია 300 კაციან პარლამენტს იმაზე მეტი  შედეგი მოეტანოს ქალაქის ეკონომიკისთვის ვიდრე ტურიზმს, რომელიც არის ჩვენი პრიორიტეტი".

2020 წლის არჩევნების მეორე ტურში საკუთარ თავთან გამარჯვებული კანდიდატი რამდენად შეძლებს ოთხი კონკურენტის დამარცხებას,  14 დღეში, 2 ოქტომბერს  გაირკვევა.

Print