პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა
FaceBook
"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

პარტიის ოფისში  ბრიფინგი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ  გაიმართა.

ღარიბაშვილმა ბრფინგზე განაცხადა, რომ დღევანდელი დღე ყველაზე ემოციურია, თუმცა, კმაყოფილია იმით, რომ გუნდმა შექმნილ ვითარებაში გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო.

"ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღე არის. ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს. ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწარაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ერთხელ უკვე იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 2013-2015 წლებში, მანამდე კი შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, პატიმრობით შეცვლასთან, მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგეს დაკავებული პოსტიდან. გახარიას თქმით, მან ამ საკითხზე მის გუნდთან საერთო პოზიციის შეთანხმება ვერ მოახერხა.

"ჩემი აბოსლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი. ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის. სამწუხაროდ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე საერთო პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან", - განაცხადა გახარიამ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
Print