პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს
FaceBook
პარლამენტმა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე 86 ხმით აირჩია.
კენჭისყრა ფარული იყო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

კენჭისყრის წინ თალაკვაძემ პარლამენტს სიტყვით მიმართა. მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლებს კითხვის დასმისა და განცხადების გაკეთების უფლებით არ უსარგებლიათ.

"საკონსტიტუციო რეფორმისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარების შემდეგ, დღეს მე- 9 მოწვევის პარლამენტი დემოკრატიის შემდგომი გაძლიერების, ჯეროვანი მმართველობის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ესტაფეტას გადასცემს ახალ, მე-10 მოწვევის პარლამენტს.

საქართველომ არსებითად პროპოციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ავტორიტეტული, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ. 2020 წლის არჩევნებმა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დამყარებული ოპონირების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა მოგვცა და ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია.

"გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ. პასუხისმგებლიანმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა, შეთანხმების შესაძლებლობა უნდა მოვძებნოთ, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ელჩების ძალისხმევა პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად. ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც ორ მილიონამდე მოქალაქის გადაწყვეტილებას ასახავს და საარჩევნო ადინისტრაციის ათასობით მოხელის და ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერითაა დადასტურებული". 

პლენარულ სხდომას ახლა უკვე თალაკვაძე უძღვება.

პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. შესაბამისი დადგენილება 87 ხმით მიიღეს. ყველა ის პირი, ვინც ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტის სრულფასოვანი წევრია.



Print