პოლიტიკა
სად მიყავს პროტესტს ოპოზიცია?!
FaceBook
"მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა", " ჩატარდეს  რიგგარეშე არჩევნები" - ესაა ოპოზიციური პარტიების დასკვნა და მოთხოვნა პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შემდეგ.


საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს კენჭისყრის შედეგებს არ სცნობს. ისინი მიღებული მანდატით პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიცია არც მეორე ტურში გეგმავს მონაწილეობის მიღებას და საპროტესტო აქციებს აწყობს.

ჩნდება კითხვა: რა მოხდება თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს და მანდატებზე უარს იტყვის?
პასუხია: პარლამენტი მაინც შეიკრიბება და იმუშავებს.

"კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან" -  მიუთითებს იურისტი ვახუშტი მენაბდე.

"ქართულ ოცნებას"დიდი ალბათობით ექნება 76 მანდატზე მეტი, მიაჩნიათ სპეციალისტებს.

"თუ არჩევნების შედეგებს გათვალისწინებით, ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას  მხლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და არა სამართლებრივი. პარლამენტი მაინც შეიკრიბება. თუნდაც,  60 დეპუტატი გადადგეს",- ამბობს იურისტი ვახუშტი მენაბდე.

„პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია შევა, არც ერთი თუ ზოგიერთი, პარლამენტი მაინც ერთნაირად უფლებამოსილი იქნება", -აღნიშნავს პოლიტოლოგი გია ნოდია.

შესაბამისად, ოპოზიცია სამართლებრივად წამგებიან პოზიციაშია.

სპეციალისტები ოპოზიციისთვის სასიკეთო რეალობას ნაკლებად ხედავენ პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

"ცხადია, ოპოზიციის არშესვლით ეჭვის ქვეშ დადგება პარლამენტის არაფორმალური ლეგიტიმურობა. მაგრამ ვის თვალში? თუ საერთაშორისო საზოგადოებას ვგულისხმობთ, მთავრობაზე მეტად ამ შემთხვევაში ოპოზიცია დაზიანდება. საერთაშორისო რეაქციების ძირითადი გზავნილი ცალსახაა: დარღვევები სამწუხაროა, მაგრამ არჩევნების ლეგიტიმურობის არცნობა გადაჭარბებული რეაქციაა...."მდუმარე უმრავლესობისთვის", ვისი აზრიც დემოკრატიაში გადამწყვეტია, ასეთი ქცევა მხოლოდ ოპოზიციის გადაჭარბებული რადიკალიზმის კიდევ ერთი დასტური იქნება, რასაც ისევ "ოცნება" დაიხვევს ხელზე", - მიაჩნია გია ნოდიას.

თუმცა, შეიძლებოდა სხვაგვარი შედეგი დამდგარიყო, სხვა არჩევანის, მეტი გათვლილობის და რაციონალური მიდგომების შემთხვევაში. ასე მიაჩნია პოლიტიკოს დავით ზურაბიშვილს.

თუკი ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედებდა, დააყენებდა კონკრეტულ მოთხოვნებს - ბიულეტენების თავიდან დათვლაზე, საჩივრების დაკმაყოფილებაზე, შეეცდებოდა მეორე ტურზე გამარჯვებისთვის ბრძოლას და ა.შ. მაშინ შეეძლო ხელისუფლებიდან და უცხოელებიდან მეტი დათმობა, გნებავთ შეშფოთება, მიეღო.

თუკი ეს არ მოხდებოდა - ხელისუფლება არც გადათვლაზე დათანხმდებოდა, არც საჩივრებს  დააკმაყოფილებდა და საერთოდ არაფერს შეცვლიდა,"მაშინ პარლამენტის ბოიკოტირების და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა შეიძლებოდა დამდგარიყო დღის წესრიგში,
თუმცა, მოვლენები ასე არ განვითარდა", - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

არსებული რეალობის გათვალისწინებით,  ოპოზიციის არჩეული ტაქტიკის და ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე, რომელიც არ დგამს არანაირ ნაბიჯს არჩეევნების შედეგების გადასამოწმებლად, "ოპოზიციას სხვა გზა არც აქვს გარდა პროტესტისა", -  ამბობს დავით ზურაბშვილი.

ერთპარტიული პარლამენტი რეალობაა და რეალობაა ისიც, რომ ხელისუფლებას შეუძლია არ შეიმჩნიოს პროტესტი და ამით გადააგოროს კრიზისი.

"მარცხის შემთხვევაში ოპოზიციის მიმართ იძლავრებს ნიჰილიზმი, ამასობაში თუ პარლამენტი ერთპარტიული იქნა, რაღაც მომენტამდე იფუნქციონირებს და მერე ყველა შემთხვევაში გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები. სავარაუდოდ, როცა ხელისუფლება ჩათვლის, რომ ოპოზიცია საკმარისად გაკოტრებულია და ვერ გაუწევს წინააღმდეგობას", -  ამბობს დავით ზურაბიშვილი.

Print