პოლიტიკა
"დავალება ქუთაისის მერიისგან მიიღეს" - "სტაიანშიკები" 500 ლარიან ჯარიმას და სამსახურის დაკარგვას აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისი მერიის წინ ამ წუთებში პარკირების ადგილების მეთვალყურეების, ე.წ "სტაიანშიკების" აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილმა 70-მდე ადამიანმა სამუშაო ადგილების დაკარგვა და ჯარიმების დაკისრება გააპროტესტეს.

"500 ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერეს რამდენიმეს, საგადასახადოში გვითხრეს,  რომ მათ დავალება ქუთაისის მერიისგან მიიღეს. არ გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენი სამსახური გაუქმნდა და გათავისუფლებულები ვიყავით. დღეს უნდა შევხვედროდით ქუთაისის მერს, თუმცა მერიაში გვითხრეს რომ მერი არ იმყოფება აქ და შეხვედრა ორშაბათისთვის გადაგვიტანეს. ქუთასისის მერის გარდა, არ შეგვხვდა არცერთი პასუხისმგებელი პირი," - ამბობს აქციის მონაწილე მერაბ კირკიტაძე.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ფინანსური დავალიანება არ აქვთ და სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი მათთვის უცნობია.

"გეგმას ყოველთვის ვასრულებდით, არასოდეს ვაგვიანებდით თანხის შეტანას. ქარში და წვიმაში ვმუშაობდით, როგორც ჩანს, ჩვენ ვისაც ვუხდიდით იმათ ჯიბეში ჩაიდეს ეს თანხა და ამის გამო ჩვენ დავზარალდით" - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

აქციის მონაწილეები, ასევე,   საუბრობენ ქალაქში გახშირებულ ქურდობაზე და ავარიულ სიტუაციებზე, მას შემდეგ რაც ისინი სამსახურიდან გაანთავისუფლეს.

პარკირების ადგილების მეთვალყურეები, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლდნენ,  ორშაბათს კვლავ გეგმავენ ქუთაისის მერიის წინ შეკრებას და მერთან შეხვედრას.

პარკირების ადგილების მეთვალყურეებმა სამსახური მას შემდეგ დაკარგეს, რაც ქუთაისში პარკირების ადგილებზე მეიჯარეებს ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდათ, ხოლო მერიამ 2016 წლის იანვრამდე პარკირება ქალაქში უფასოდ გამოაცხადა.

პარალელურად, პარკირების ადგილების მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობა ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულ "პარკინგსერვისს" გადაეცა. რომელმაც პარკირების ადგილები იანვრამდე უნდა მოაწესრიგოს. 

იანვრიდან პარკირების საფასურის გადახდა აპარატის საშუალებით მოხდება.

რა გეგმები აქვს "პარკინგსერვისს" და რა კითხვები და პრეტენზიები აქვს საზოგადოების წარმომადგენლებს კომპანიის მიმართ, ნახეთ დღეს საღამოს აღნიშნულ თემაზე გამართული სადისკუსიო შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა ქუთაისიპოსტზე.
Print