ქუთაისი მერის მოლოდინშია. ორ თვეზე ნაკლებ
დროში ქალაქმა ახალი მმართველი უნდა აირჩიოს.
სახელისუფლებო გუნდმა და ოპოზიციურმა პარტიებმა
უკვე დაიწყეს საარჩევნო კამპანია, თუმცა, მოახლოებული საპარლამენტო
არჩევნების ფონზე, გადამდგარი მერების შემცვლელთა არჩევა ნაკლებად
მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ქალაქში მხოლოდ ერთი კანდიდატის
საარჩევნო ბანერია გამოკრული. პარტიების უმრავლესობა კი მერის
არჩევნებისთვის ფულის დახარჯვას არ ჩქარობს.
წელს ქუთაისში არც მერობის მსურველია ბევრი, რაც ალბათ, იმით
აიხსნება, რომ გიორგი ჭიღვარიას პოსტიდან წასვლის შემდეგ, ახალ მერს
მუშაობისთვის დრო ერთ წელზე ნაკლები, 2021 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებამდე აქვს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით,
ოთხწლიანი ვადით არჩეული მერის მიერ თანამდებობის დატოვების
შემთხვევაში, ახალი მერი მხოლოდ მისი წინამორბედის საარჩევნო ვადით
ირჩევა.
საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების მიუხედავად, ჯერჯერობით
ქუთაისის მერობის მხოლოდ ოთხი კანდიდატია დასახელებული. მმართველი
პარტიიდან ამ პოსტისთვის ვიცე–გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი
იბრძოლებს, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას "ნაციონალური მოძრაობიდან"
საკრებულოს ამავე პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე და ყოფილი
ვიცე–გუბერნატორი, გიგა შუშანია წარმოადგენს, ასევე ყოფილი
ვიცე–გუბერნატორი, ყოფილი ვიცე–მერი და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი,
ამირან ძოწენიძე იქნება "ევროპული საქართველოს" კანდიდატი, ხოლო
"თავისუფალი საქართველოს" პარტიიდან მერის არჩევნებში გაგა გოგრიჭიანი
ჩაერთვება.
კანდიდატებს ამ დრომდე არ აქვთ მუშაობა დასრულებული საარჩევნო
პროგრამაზე და მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს ახლა, საარჩევნო
კამპანიის ფარგლებში სწავლობენ. დაპირებები, ძირითადად, სიტყვიერად
გაიცემა. ამიტომაც არის ალბათ, რომ წელსაც, ისევე, როგორც ადრე,
ამომრჩეველთა მოლოდინები კანდიდატების დაპირებებს ნაკლებად ემთხვევა.
ზოგ შემთხვევაში კი მათი შესრულება პირობის გამცემთა შესაძლებლობებს
აღემატება.
ჩვენ დავინტერესდით, რეალურად რა სჭირდება და რა მოლოდინები აქვს
ხალხს ახალი მერისგან.
სოციალური მიმართულება, რასაც რიგითი
მოქალაქეები მთავარ პრობლემად ასახელებენ, არ შედის მმართველი პარტიის
კანდიდატის საარჩევნო პროგრამის სამ ძირითად პრიორიტეტში. იოსებ
ხახალეიშვილი მერის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, ყველაზე მეტი
რესურსის დახარჯვას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის აპირებს. ჯერ
არ აქვს დასრულებული მუშაობა საარჩევნო პროგრამაზე. ამომრჩეველთა
საჭიროებებს კი ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრებით ადგენს. სამოქმედო
გეგმაში ადგილი არ მოიძებნა ქუთაისის სტატუსისთვის. კანდიდატს
მიაჩნია, რომ სტატუსს ქალაქის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა
არ აქვს.
"ქუთაისი არის თვითმმართველი ქალაქი და კოდექსით ეს არის
ყველაზე მაღალი სტატუსი მისთვის. ერთი სტატუსის მინიჭება მეცოტავება.
ეს ქალაქი არის საგანმანათლებლო, კულტურის, მედიცინის, ტურიზმის
ცენტრი. ქუთაისს აქვს აეროპორტი და ცხადია ეს მისი უპირატესობაა, მას
აქვს საშუალება, იყოს კავკასიის ფანჯარა ევროპაში. მეწყინა, რომ
პარლამენტმა დატოვა ქუთაისი, მაგრამ როცა გუნდმა დაითვალა ამის
პლიუსები და მინუსები, გადაწყდა, რომ ასე სჯობდა" – ასე
ფიქრობს სახელისუფლებო გუნდის კანდიდატი, რომელსაც საკანონმდებლო
ორგანოს გადატანაზე, პოზიცია, ვიცე–გუბერნატრის პოსტიდანაც არასდროს
დაუფიქსირებია.
ადგილობრივი ხელისუფლებები რომ მოქალაქეების დაკვეთას არ პასუხობენ,
ამაზე სხვადასხვა თანამდებობაზე ექვსწლიანი მუშაობის გამოცდილების
შემდეგ საუბრობს იოსებ ხახალეიშვილი. მისი თქმით, მოსახლეობა
ინდეფერენტულია ქალაქში მიმდინარე პროცესების მიმართ, რადგან მათსა და
მმართველ რგოლს შორის კომუნიკაცია დაბალია. ამიტომ, ამბობს, რომ
პირველი, რასაც მერის პოსტზე არჩევის შემთხვევაში გააკეთებს,
ტერიტორიული მართვის ორგანოებში ე.წ. საბჭოების შექმნაა, რომლებსაც
ექნებათ ოფიციალური სტატუსი, დაფინანსება და დაკომპლექტდება როგორც
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებით, ასევე,
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საბჭოს მთავარი
ფუნქცია მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების თვითმმართველობამდე
მიტანა იქნება, რისთვისაც წელიწადში 30 000–დან 50 000 ლარამდე
დაფინანსებას მიიღებენ. გამოდის, რომ ასეთი საბჭოების არსებობა
ქალაქის ბიუჯეტს წელიწადში სულ მცირე ნახევარი მილიონი ლარი
დაუჯდება.
კანდიდატი მიიჩნევს, რომ პროექტი, რომელსაც "იზრუნე შენს უბანზე"
ერქმევა, არც ტერიტორიული მართვის ორგანოების დუბლირებას გამოიწვევს
და არც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიზნით გაღებული ხარჯები იქნება
უშედეგო.
"ის რაც დღეს ხდება, ნამდვილად არ აისახება ჩვენი ხალხის
საჭიროებებზე, იმიტომ, რომ მათი ჩართულობა არის ძალიან დაბალი.
ნაკლები ჩართულობა იწვევს ინდეფერენტულობას, რადგან თვლიან, რომ აზრი
არ აქვს მათ აქტიურობას. ამიტომ, პროექტი "იზრუნე შენს უბანზე"
აუცილებლად იქნება ჩვენი 2021 წლის ბიუჯეტში. ეს იქნება ააიპის სახით
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გახდება სამთავრობო და
არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის რგოლი. ისინი მოახდენენ
პრობლემების იდენტიფიცირებას და იქნებიან ერთგვარი დასაყრდენი
თავიანთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, რადგან ექნებათ ავტორიტეტი
საზოგადოებაში. რაც შეეხება მუნიცილიტეტებს, ისინი იმუშავებენ
ჩვეულებრივად, მაგრამ მათ აქვთ შეზღუდული ფინანსური და ადამიანური
რესურსები. საბჭოებს კი უფრო ფართო შესაძლებლობები
ექნებათ".
პარტიის გეგმებზე აწყობს საკუთარ საარჩევნო კამპანიას "ნაციონალური
მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია. მისი
დაპირებების უმრავლესობა ისეთ საკითხებს ეხება, რომელთა გადაჭრასაც
მერის პოზიციიდან ვერ შეძლებს. მაგალითად, მმართველი პარტიისგან
განსხვავებით, მისი ნომერ პირველი პრიორიტეტი პარლამენტის და
სამთავრობო უწყებების ქუთაისში გადმოტანაა. ასევე, პირველი რიგის
ამოცანად მიიჩნევს ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების
შესახებ კანონის მიღებას, რაც ქალაქის პოლტიკურ ცენტრად გამოცხადებას
გულისხმობს. ვერც ერთი ეს საკითხი გიგა შუშანიას, როგორც ქალაქის
მერის პრეროგატივა ვერ იქნება, თუმცა, კანდიდატი ამბობს, რომ მათ
გადაჭრაში მთავარ როლს მისივე პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის
კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, გამარჯვების შემთხვევაში შეასრულებს.
"მთავარი პრობლემა, რაც აწუხებს ქუთაისს, არის უფუნქციობა და
უყურადღებობა. ჩამოშილია ეკონომიკა, ფრენების თბილისში გადატანით
ფაქტობრივად დახურეს აეროპორტი და მოკლეს ტურიზმი. დღეს ყოველი მეორე
ადამიანი პასპორტით ხელში ელოდება საზღვრების გახსნას, რომ გაიქცეს
ევროპაში. ამიტომ, ქუთაისის შესახებ უნდა მივიღოთ კანონი, ქუთაისი
უნდა გამოცხადდეს პოლიტიკურ ცენტრად, აქ დაბრუნდეს პარლამენტი და სხვა
სამთავრობო უწყებები, რაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გრიგოლ
ვაშაძე".
რაც შეეხება ქალაქის სხვა პრობლემებს, გიგა შუშანია კონკრეტულ
დაპირებებს არ გასცემს, თუმცა, საუბრობს მწირ ბიუჯეტზე,
ადმინისტრაციული ხარჯების მართვაზე, მოუწესრიგებელ საგზაო
ინფრასტრუქტურასა და უფუნქციოდ მიტოვებულ შენობებზე.
"ქუთაისის ბიუჯეტი დღეს დამოკიდებულია ფინანსთა სამინისტროს
საშუალო დონის ჩინოვნიკზე, რომელიც განსაზღვრავს მილიონით მეტს
მივიღებთ თუ ნაკლებს. 70 მილიონი ბიუჯეტისთვის არის დაცინვა. ჩვენ
გვექნება ბიუჯეტის ფორმირების წესი, სადაც მინიმუმ ერთ სულ მოსახლეზე
1000 ლარი იქნება გათვალისწინებული. ეს თავიდანვე გააორმაგებს
ქუთაისის ბიუჯეტს. გარდა ამისა, ამდენი ჯიპი არ სჭირდება მერიას.
ერთ–ერთი პირველი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ იმ ჯიპებს გამოვიტან
აუქციონზე, სავსებით საკმარისია ჰიბრიდული ტიპის იაფიანი მანქანა.
ასევე, მიმაჩნია, რომ ყველა დაურეგისტრირებელი მიწა ავტომატურად უნდა
გახდეს თვითმმართველობის საკუთრება, ჩვენ გვაქვს ე.წ. ყაზარმის, ძველი
ციხის შენობა და ბევრი უფუნქციო შენობა, რომლებსაც გამოვაცხადებთ
თავისუფალ ზონად, სადაც ყველა ინვესტორი მინიმუმ 10 წელი იქნება
გათავისუფლებული გადასახადისგან. ყველაფერი ეს შეამცირებს სიღარიბეს
და გაზრდის სამუშაო ადგილებს".
საარჩევნო პრიორიტეტებს ორ ნაწილად ყოფს
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი, ამირან ძოწენიძე.
ერთ წელზე ნაკლები დროით უფლებამოსილების პირობებში, ცალ–ცალკე
გეგმავს მოკლე დროში გასაკეთებელ საქმესა და გრძელვადიან საკითხებს.
კანდიდატს, რომელსაც ქუთაისის ვიცე–მერისა და იმერეთის
ვიცე–გუბერნატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს, ლოკალური
პრობლემების გადაჭრაში საკუთარი თავის, ქალაქისთვის კი ისეთი
მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში, როგორიცაა მაგალითად,
პარლამენტის დაბრუნება, მისი პარტიის იმედი აქვს, თუმცა, ამისთვის
საჭიროა"ევროპულმა საქართველომ" არჩევნებში ხმათა უმრავლეობა
მოიპოვოს.
"იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რაც გვაქვს, სწრაფად შეიძლება
მივაღწიოთ იმას, რომ ბაღის ასაკის ყველა ბავშვის მშობელს, ვინც
ქუთაისში არის რეგისტრირებული, ჰქონდეს 1000 ლარიანი ვაუჩერი. ამას
დაახლოებით, 8.5 მილიონამდე ლარი სჭირდება და ჩვენს ბიუჯეტს ახლაც
აქვს ამის შესაძლებლობა. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ბევრი ზედმეტი
სამსახური არსებობს მერიის სტრუქტურაში, დაახლოებით 10% საჯარო
მოხელეების უნდა შემცირდეს, განსაკუთრებით პრობლემურია ააიპ
დაწესებულებები, სადაც, როგორც თანამშრომლები ხუმრობენ,
ადმინისტრაციებში იმდენი ადამიანია დასაქმებული, რომ ოთახებში ვეღარ
ეტევიან. ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა მოუწესრიგებელი
კანლიზაცია, არის უბნები, სადაც საკანალიზაციო ქსელი საერთოდ არ არის.
ასევე, მიუსაფარი ცხოველები და ქალაქის დასუფთავება, დაბინძურებული
მდინარის სანაპიროები, მოუწესრიგებელი გაზონები და ასე შემდეგ – ეს
არის საკითხები, რომლებიც მოკლე დროში შეიძლება
გადაიჭრას".
ამირან ძოწენიძეს ერთ–ერთი მთავარი პრობლემის, ქალაქში უმუშევრობის
დონის შემცირების გზად, პარლამენტის დაბრუნება მიაჩნია. თვლის, რომ თუ
საკანონმდებლო ორგანო სრულად გადმოვა, ავტომატურად გაჩნდება სამუშაო
ადგილები.
"რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას, ქალაქის მთავარი პრობლემაა
დასაქმება და ერთადერთი, რასაც სწრაფად შეუძლია ათასობით სამუშაო
ადგილის შექმნა, ეს არის პარლამენტი. ქუთაისში საკანონმდებლო ორგანო
უნდა დაბრუნდეს სრული შემადგენლობით, თუ კომიტეტებიც აქ იქნება,
დეპუტატებთან ერთად, საუბარია დახლოებით 1000 ადამიანზე, რომელიც
მუდმივად იცხოვრებს ქუთაისში. საუბარია სულ მცირე 2500 ადამიანის
დასაქმებაზე"
ქუთაისიპოსტთან თანამშრომლობაზე უარი თქვა "თავისუფალი საქართველოს"
მერობის კანდიდატმა გაგა გოგრიჭიანმა.
ათასობით სამუშაო ადგილის შექმნისა და ბიუჯეტის გაორმაგების შესახებ,
მერობის კანდიდატების ოპტიმისტურ გეგმებს, სკეპტიკურად უყურებს
არასამთავრობო სექტორის ნაწილი.
"სამოქალაქო კულტურის ცენტრის" გამგეობის
თავმჯდომარე კოტე კანდელაკი, 2020 წლის არჩევნების რამდენიმე
თავისებურებაზე საუბრობს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში, სადაც
მაჟორიტარსაც და მერსაც ერთდროულად ირჩევენ, კანდიდატების საარჩევნო
პროგრამებში დაპირებების აღრევა ხდება, თავად ამომრჩეველი კი
დაბნეულია, რადგან უჭირს გამიჯნოს, რისი უფლება აქვს მერს და რისი
მაჟორიტარს. ამ გარემოებას კი სათავისოდ იყენებენ საარჩევნო სუბექტები
და იმას პირდებიან ამომრჩეველს, რაც მათი აზრით ყველაზე აქტუალურია იმ
მომენტში, იმის მიუხედავად, აძლევთ თუ არა კანონი ამის
უფლებას.
"ქუთაისის შემთხვევაში, რადგან ქალაქი მერსაც ირჩევს და
მაჟორიტარ დეპუტატსაც, სახეზეა კანდიდატების წინასაარჩევნო
დაპირებების აღრევა. შეიძლება ითქვას, რომ მერობისა და მაჟორიტარობის
კანდიდატების პროგრამები ერთი–ერთში ემთხვევა ერთმანეთს. კანდიდატები
გასცემენ ისეთ დაპირებებს, რაც ან არ შედის მათ კომპეტენციაში, ან არ
შეუძლიათ მათი გადაჭრა. ამიტომ, აჩევანს აკეთებენ ისეთ საკითხებზე,
რაც იმ მომენტში ხალხისთვის აქტუალურია, მათთვის კი მომგებიანი.
განსაკუთრებით რთულადაა საქმე, როცა ვსაუბრობთ თვითმმართველობის
ხარისხზე, რაც რეალურად ძალიან დაბალია. მაგალითად, ქუთაისიდან რომ
გადაიტანეს პარლამენტი, ვერავინ ვერაფერი თქვა, ეს მიუთითებს ერთადერთ
რამეზე – ინსტიტუცია კი არ არის ძლიერი, არამედ, კონკრეტული
პიროვნებების ავტორიტეტზეა აქ ყველაფერი დამოკიდებული. ვიღაც, სადღაც
კაბინეტში წყვეტს ვინ იყოს მერი და ვინ აღარ. ქუთაისში ისე გაუშვეს
არჩეული მერი, არავინ ამაზე განმარტება არ გააკეთა. ასეთი
თვითმმართველობების პრიობებში კი ბევრი სამუშაო ადგილების შექმნის და
ბიუჯეტის გაორმაგების დაპირება, როგორც მინიმუმ ხმამაღალი ნათქვამია.
მით უფრო, იმ ფონზე, როცა მუნიციპალიტეტებს საკუთარ ქონებასაც არ
აძლევენ, ბიუჯეტის რაოდენობას კი კანონი განსაზღვრავს. შესაბამისად,
მერს მნიშვნელოვნად არაფრის შეცვლა არ შეუძლია", – ამბობს
კოტე კანდელაკი.
მისი თქმით, როგორც წესი, არჩევნების შემდეგ კანდიდატები დაპირებების
10%–საც არ ასრულებენ. ასეთ პირობებში კი მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა
ინფორმირებულობის გაზრდა, რათა მათ სწორი არჩევანის გაკეთება
შეძლონ.
არჩევანის გასაკეთებლად ქუთაისელებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. ორ
თვეზე ნაკლები დროში ქალაქმა ახალი მერი, ერთ წელზე ნაკლები დროით
უნდა აირჩიოს.
მასალის გამოყენების პირობები