პოლიტიკა
,,ქართული ოცნების" შემომწირველი მაჟორიტარობის კანდიდატები იმერეთიდან
FaceBook
,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებმა იმერეთიდან პარტიას სხვადასხვა დროს ჯამში 374 ათას 875 ლარი შესწირეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ,,ქართულ ოცნებას" სხვადასხვა წლებში თანხები ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან წაქაძემ, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ და სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ გადაურიცხეს.

აქედან ყველაზე მეტი თანხა პარტიას ბეჟან წაქაძემ გადაურიცხა - 320 ათასი ლარი. ამ შემოწირულობით ის ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის იმ კანდიდატთა შორის მოხვდა, რომლებიც ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან.

,,მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები (ოჯახისა და ბიზნეს პარტნიორების ჩათვლით) არიან: გოჩა ენუქიძე – 1,254,000 ₾; ზაალ დუგლაძე – 990,000 ₾; ირაკლი ხახუბია 458,000 ₾; დავით სონღულაშვილი – 340,000 ₾ და ბეჟან წაქაძე – 320,000 ₾."

ბეჟან წაქაძე ამავდროულად 50 პროცენტიან წილს ფლობს შპს „დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრში“.  სამედიცინო ცენტრმა 2016-2019 წლებში აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული 7 ტენდერი მოიგო ჯამური ღირებულებით 111,339 ლარი.


საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ 2014-16 წლებში „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 50,000₾ შესწირა.

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ კი 2018 წელს 4,000₾ სალომე ზურაბიშვილს გადაურიცხა.

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ კი პარტიას 2014 წელს 875 ლარი  შესწირა. ის შპს „ლჯ და კომპანია - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ 25% -იანი წლის მფლობელი და დირექტორია. კომპანია  ფლობს შპს „ლჯ და კომპანია - დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ 95%-ს, რომლის დანარჩენი 5%-ის მფლობელი სახელმწიფოა.

პრივატიზაციის შემდეგ, 2016-2020 წლებში, კომპანიას მიღებული აქვს პირდაპირი შესყიდვის 28 შედარებით მცირე კონტრაქტი ჯამური ღირებულებით 87,501₾ და 1 მსხვილი კონტრაქტი ღირებულებით 710,000 ლარი (COVID-19-თან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურება).

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" კვლევის თანახმად,  2012-20 წლებში „ქართული ოცნების“ შემომწირველი სულ მაჟორიტარობის 14 კანდიდატი იყო.


ჯამში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ,,ქართულ ოცნებას" 3,702,826 ₾ შესწირეს.


Print