პოლიტიკა
როდის ეყოლება ქუთაისს ახალი მერი? – რას ითვალისწინებს კანონი
FaceBook

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან დღეს გადადგა.

მისი განცხადებით,  პოსტს პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს, თუმცა, წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია.


რა მოხდება გიორგი ჭიღვარიას გადადგომის შემდეგ, რას ითვალისწინებს კანონი და როდის ეყოლება ქალაქს ახალი მერი? – მერის უფლებამოსილების შეწყვეტასა და ახალი მერის არჩევას, თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსები არეგულირებს.


თვითმმართველობის შესახებ კოდექსის 56–ე მუხლის მიხედვით, მერის მიერ პოსტის დატოვების ერთ–ერთი საფუძველი პირადი განცხადებაა. რადგან ქუთაისის მერმა პოსტი სწორედ ამ ფორმით დატოვა, მას საკრებულოს თანხმობა აღარ სჭირდება. გიორგი ჭიღვარიას უფლებამოსილება განცხადების რეგისტრაციის მეორე დღიდან შეუწყდება.

რაც შეეხება მისი მოვალეობის შემსრულებელს, ამავე კოდექსის 56–ე მუხლის მიხედვით, აღნიშნულ პოზიციაზე პირველი მოადგილე ინიშნება, რომელიც მოვალეობას  ახალი მერის არჩევამდე შეასრულებს.


ახალი მერი კი ქალაქს მხოლოდ არჩევნების ჩატარების შემდეგ ეყოლება, თუმცა, რადგან გიორგი ჭიღვარიამ პოსტი არასაარჩევნო (
ადგილობრივი თვითმმართველობის) წელს დატოვა, ახალი მერის ასარჩევად რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების დრო მაისი ან ოქტომბერია. თუ მერი პოზიციას  15 თებერვლიდან 15 ივლისის ჩათვლით ტოვებს, მაშინ არჩევნები შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, ხოლო თუ 15 ივლისიდან 15 თებერვლის ჩათვლით– გაზაფხულზე.



შესაბამისად, ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნები ცესკომ ოქტომბერში უნდა დანიშნოს, ისევე, როგორც  თერჯოლაში. რაც შეეხება ახალი მერის უფლებამოსილების ვადებს, რიგგარეშე არჩევნების გზით არჩეული მერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მოქმედების ვადით ირჩევა, ანუ, ახალი მერი თავისი უფლებამოსილების ვადას 2021 წელს, საკრებულოსთან ერთად დაასრულებს.   

2021 წელს კი  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გადადგა

როდის ეყოლება ქუთაისს ახალი მერი? – რას ითვალისწინებს კანონი

ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს

Print