პოლიტიკა
საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად ქუთაისში დროშები აღმართეს
FaceBook
ქუთაისში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აღმართეს.

ცერემონიას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ,,ქართული ოცნების''' წევრები  ესწრებოდნენ.

,,ჩვენს ქვეყანას ძალიან საპატიო მისია დაეკისრა, ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლოა ევროსაბჭოს პრეზიდენტობა. ვზეიმობთ ამ დღეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის სწორად მიმართვაში, მადლობა იმ დიპლომატებს, რომელთა სწორი მუშაობა კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპულ ოჯახთან'' - ამბობს ზვიად შალამბერიძე. 


ღონისძიება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნი კვირეულის ფარგლებში მოეწყო. კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს მასშტაბური აქცია მოეწყობა, რომელსაც ქუთაისიდანაც შეუერთდებიან. 

საქართველო 27 ნოემბრიდან ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ევროპის საბჭოს იგი 6 თვის ვადით, 15 მაისის ჩათვლით უხელმძღვანელებს. თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველო ორგანიზებას 20-მდე ღონისძიებას გაუწევს.

საქართველო უკვე 20 წელია ევროსაბჭოს წევრია. საერთაშორისო ორგანიზაცია 1949 წლის 5 მაისს ლონდონში, უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი ადამიანის უფლებებისა და პრულარისტული დემოკრატიის დაცვა, ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ევროპის საბჭო 47 სახელმწიფოსგან შედგება და მისი შტაბ-ბინა სტრასბურგში მდებარეობს.
Print