პოლიტიკა
"პედაგოგებს აქციაზე წასვლას აიძულებენ" - გოგი წულაია
FaceBook
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქართულ ოცნებას 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში ხალხის იძულებით წაყვანაში ადანაშაულებს.
როგორც გოგი წულაია ამბობს, პედაგოგებს და საჯარო მოხელეებს ხალხის გამოყვანას ავალებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში განთავისუფლებით ემუქრებიან.

"პედაგოგები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ აქციაზე გასვლას აიძულებენ. არ სურთ წასვლა, რადგან ამ მთვრობაში სასიკეთოს ვერაფერს ხედავენ. ასევე, მიმდინარეობს ზეწოლები საჯარო მოხელეებზე. ხალხი დაშინებულია. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების მუშებსაც აიძულებენ გამოვიდნენ აქციაზე. აქტივისტებს დავალებული აქვთ ხალხის გამოყვანა. ამის შესახებ ხმამაღლა ვერავინ საუბრობს. მთავრობა ხალხის გამოსაყვანად მილიონობით ლარს ხარჯავს, მაშინ როცა ქვეყანად ამდენი გაჭირვებული და უმუშევარი ადამიანია.  ხომ შეიძლება ეს ფული ხალხის დასაქმებაში დახარჯონ და შემდეგ ეხ ხალხი ისედაც მისცემს ხმას. ესენი ყველაფერს პირიქით აკეთებენ, - ამბობს გოგი წულაია.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ 14 დეკემბერს ისინი თბილისში მიდიან, თუმცა, ამას აქციასთან კავშირი არ აქვს.


ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ 14 დეკემბერს რესურს ცენტრის წარმომადგენლები და 30 პედაგოგი სამინისტროში ეტალონის ღიონისძიებას დაესწრებიან. 

თბილისში დაგეგმილ აქციაზე ხალხის იძულებით მობილიზებას უარყოფენ "ქართულ ოცნებაშიც". ქუთაისის საკრებულოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციას ისიც შეუერთდება, თუმცა მისთვის აქციაზე ხალხის გაყვანა არავის დაუვალებია. 

,,არ დგას იმის საჭიროება, რომ ხალხი იძულებით გაიყვანონ, მმართველი პარტიის აქტივის რესურსი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მასშტაბური აქცია გაიმართოს. ვიმედოვნებთ, რომ აქციას ხალხის დიდი ნაწილი შემოუერთდება და ყველანი ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ საქართველო ევროსაბჭოს წევრია," - ამბობს ოთარ ლორთქიფანიძე. 

14 დეკემბრეს ქართული ოცნება თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს. აქცია პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში გაიმართება.
Print