პოლიტიკა
ქუთაისელი ჟურნალისტების სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს
FaceBook
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ცენტრალურ მოედანზე გამართულ აქციაზე ტელევიზიის დირექტორს მოუწოდეს, შეუნარჩუნოს მაუწყებელს და იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს სარედაქციო დამოუკიდებლობა. 


"ის რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება არ არის მისაღები, ვერც ერთი ხელისუფალი ვერ ჩაერევა ჩვენს საქმეში. ჩვენი სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას! არ შეიძლება ჟურნალისტს ესაუბრო ულტიმატუმის ენით, არ შეიძლება საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცე ხელისუფლების დავალებები. მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს,  მაუწყებელს შეუნარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა,” - აცხადებენ აქციის მონაწილეები.


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის 22 ნოემბერს გიორგი კოხრეიძე აირჩია. მანამდე არსებობდა ეჭვი, რომ მის არჩევას სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მოჰყვებოდა.

გიორგი კოხრეიძემ დირექტორად არჩევისთანავე, მისი მოადგილის, ნათია ზოიძის ჩამოშორება მოითხოვა სარედაქციო პოლიტიკიდან. კოხრეიძის თქმით, ამის მოთხოვნა მისი უფლებაა.

აჭარის მაუწყებლობის მრჩეველთა საბჭოს მიერ ახალი დირექტორის არჩევას მალევე მოჰყვა ჟურნალისტების და სარედაქციო ჯგუფის განცხადებები, დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით. აჭარის ტელევიზიის და რადიოს ჟურნალისტები გზავნილებით მივიდნენ ტელევიზიის წინ. გზავნილებზე ეწერა: “იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა მიმოწერა”, “ნუ ჩაერევი”.
Print