პოლიტიკა
ოპოზიციის აქციაზე მოქალაქეები უკვე იკრიბებიან
FaceBook
ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე პოლიტიკოსები ჯერ არ გამოჩენილან. ადგილზე მოქალაქეები იკრიბებიან.

ქუთაისში "გაერთიანებული ოპოზიციის"აქცია-მსვლელობა 14 საათზეა დაგეგმილი. მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყება და მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან დასრულდება.

,,მთავარი მოთხოვნა პროპორციული არჩევნებია, ეს ერთპარტიული მმართველობის დასასრული იქნება. ბიძინა ივანიშვილი და ედუარდ შევარდნაძე მაჟორიტარების ხარჯზე მოვიდნენ და ერთმა პარტიამ ჩაიგდო ხელში მთელი ძალაუფლება. ეს უნდა დასრულდეს. მართალია სკამებს ეჭიდებიან, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება'' - ამბობს "ლეიბორისტული" პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გაგი ახალაძე

აქციის მონაწილეები იმ ქუჩაზე ჩაივლიან, სადაც "ქართული ოცნების" შტაბია განთავსებული.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსვლელობა მშვიდობიანი იქნება. 

ქუთაისში, "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად, მმართველი პარტიის ოფისთან საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების მობილიზაცია დაიწყო.


ქუთაისში, ბოლო ორი კვირაა დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაბოქლომების აქცია“ დაიწყეს, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე, პოლიტიკური პარტიების ოფისებთან ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.



29 ნოემბერს მმართველი პარტიის ოფისის დაბოქლომების შემდეგ, რა დროსაც შენობის მინა ჩაიმსხვრა, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, ქუთაისის მერიის საჯარო მოხელეებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ორგანიზებული თავდასხმა მოაწყვეს. მათ შენობას ცოცხები და კვერცხები დაუშინეს და პარტიის ოფისში შეჭრა სცადეს.


იგივე განმეორდა პირველ დეკემბერს, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა, ცოცხები, კვერცხები და წითელი საღებავი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ერთად „გაერთიანებული ოპოზიციის“ ადგილობრივ ორგანიზაციასაც ესროლეს.


Print