პოლიტიკა
ქუთაისში ოპოზიციის აქცია-მსვლელობა დაიწყო (Live)
FaceBook
ამ წუთებში ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიცია აქცია-მსვლელობას მართავს.

ისინი პროპორციულ საარჩევნო სისტემას მოითხოვენ. მსვლელობა კიკვიძის ძეგლიდან დაიწყო და მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან დამთავრდება.



დღეს, ქუთაისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე განცხადებას ავრცელებს.


გუბერნატორი მოქალქეებს ძალადობის პროვოცირებისგან თავის შეიკავებისკენ მოუწოდებს და  კანონის ჩარჩოებიდან გასვლის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირების შესახებ აფრთხილებს.

"ქართული ოცნების" ოფისში დილიდან სიმშვიდეა, თუმცა, შტაბში უკვე არიან მობილიზებული პარტიის წევრები, მათ შორის ოფისში იმყოფება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე შემსრულებელი, გიორგი სვანიძე.

კითხვაზე რატომ იმყოფება სამუშაო საათებში პარტიულ ოფისში, გიორგი სვანიძემ გვიპასუხა რომ შვებულებაშია.

მისი თქმით, შტაბში სამუშაო რეჟიმია და ოპოზიციის აქციასთან კავშირი არ აქვთ. 

"ეს მათი უფლებაა გამართონ აქცია. ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ, ვართ სამუშაო რეჟიმში"- ამბობს გიორგი სვანიძე.

ქუთაისში, ბოლო ორი კვირაა დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაბოქლომების აქცია“ დაიწყეს, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე, პოლიტიკური პარტიების ოფისებთან ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.


29 ნოემბერს მმართველი პარტიის ოფისის დაბოქლომების შემდეგ, რა დროსაც შენობის მინა ჩაიმსხვრა, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, ქუთაისის მერიის საჯარო მოხელეებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ორგანიზებული თავდასხმა მოაწყვეს. მათ შენობას ცოცხები და კვერცხები დაუშინეს და პარტიის ოფისში შეჭრა სცადეს. იგივე განმეორდა პირველ დეკემბერს, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა, ცოცხები, კვერცხები და წითელი საღებავი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ერთად „გაერთიანებული ოპოზიციის“ ადგილობრივ ორგანიზაციასაც ესროლეს.

Print