პოლიტიკა
მერია არ განმარტავს, რომელი საჯარო მოხელეები იმყოფებიან შვებულებაში ოპოზიცის აქციის დღეს
FaceBook

6 დეკემბერს, ქუთაისში „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაგეგმილი აქციის დღეს,  ქუთაისის მერიის ინფორმაციით შვებულებაში მხოლოდ ერთი თანამდებობის პირი იმყოფება.


ქუთაისიპოსტის შეკითხვაზე, რომელი თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები იმყოფებიან შვებულებაში 2019 წლის 4 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, მერიის პასუხში აღნიშნულია, რომ შვებულებით  მხოლოდ  ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სარგებლობს. 

ქუთაისიპოსტმა „ქართული ოცნების“ შტაბში 6 დეკემბერს, სამუშაო საათებში  დააფიქსირა მერიის საჯარო მოხელე, გიორგი სვანიძე, რომელიც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილეა. ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ  შვებულებაში იმყოფება, თუმცა, ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან მერიამ  „პერსონალური მონაცემების“ დაცვის მოტივით ,  საჯარო მოხელეების შვებულებების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

„შვებულებაში (4-6) დეკემბერი,  იმყოფება მხოლოდ ერთი თანამდებობის პირი-ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციების დროებით შემსრულებელი, გიორგი სვანიძე. რაც შეეხება მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მთ შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიეკუთვნება პერსონალურ ინფორმაციას და საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში-სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისში, 14 საათზე "გაერთიანებული ოპოზიცია" მასშტაბურ აქციას მართავს. მმართველი ოფისის შტაბში აცხადებენ, რომ კონტრაქციის გეგმა არ აქვთ, თუმცა, მათი მოქმედება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ფორმა ექნება აქციას.

"ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში დილიდან არიან მობილიზებული პარტიის წევრები და საჯარო მოხელეების ნაწილი.

Print
თეგები: #აქცია