პოლიტიკა
კობა ლურსმანაშვილი - გიგი უგულავას გაშლილი ხელები შემაშინებს თუ დავით ბაქრაძის რეიტინგულობა?
FaceBook

"გიგი უგულავას გაშლილი ხელები და მკაცრი ტონი შემაშინებს თუ დავით ბაქრაძის რეიტინგულობა?


არც ერთი მაშინებს და არც მეორე. მოვიდნენ და იყარონ კენჭი ჩემთან ერთად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას უპასუხებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საპროტესტო აქციებზე საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვენ, ლურსმანაშვილმა უპასუხა, რომ მათ ოპოზიციონერი ლიდერებისადმი თავიანთი მხარდაჭერა შეუძლიათ არჩევნებზე დააფიქსირონ.

„მოქალაქეებს, რომლებსაც მოსწონთ ოპოზიციონერი ლიდერების პოზიციები, რომლებიც არიან ძალიან რეიტინგულები, დაუჭირონ მხარი და წარმოადგინონ პარლამენტში, თუ ასე ძალიან მოსწონთ. ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში საარჩევნო გარემო იქნება ყველასათვის ღია. მობრძანდნენ და მხარდაჭერა დაგვანახონ", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.


ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ იქნება იმის წინაპირობა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარდეს, დეპუტატმა უპასუხა, რომ თუ რომელიმე პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა და ამ საკონსტიტუციო ცვლილებას განახორციელებს, ამას წინ ვერავინ აღუდგება.

„2020 წლის არჩევნების შედეგად მოსულ პარლამენტს ვალდებულება ექნება, განიხილოს შემდგომი საკანონმდებლო ინიციატივები. თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა ვინმე და შეეცდება შეცვალოს ეს წესი, ამას წინ როგორ აღვუდგები ან მე, ან ჩემი რომელიმე კოლეგა?! აქედან გამომდინარე, ხალხის ნება იქნება უზრუნველყოფილი. ვინც ვცდილობთ, რომ მაჟორიტარული სისტემით იყოს არჩევნები, შევეცდებით გავაგრძელოთ ეს გზა. 2020 წელს მივაღწევთ ამას, 2021-ში თუ 2024 -ში მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ხალხის აზრი იყოს გამოხატული. პარტიის შიგნით ინიციატივები არ ისჯება. ბატონ ივანიშვილს არ აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხის აზრი შესწავლილი იყოს. ის მაჟორიტარებს არ გვიკრძალავს, რომ ჩვენი ინივიატივები გაგვაჩნდეს.


მე არ ვუჭერ მხარს 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ეს უკვე გამოვხატე კენჭისყრაზე და ახლა გიგი უგულავას გაშლილი ხელები და მკაცრი ტონი შემაშინებს თუ დავით ბაქრაძის რეიტინგულობა? არც ერთი მაშინებს და არც მეორე. მოვიდნენ და იყარონ კენჭი ჩემთან ერთად, თუნდაც ჩემს მაჟორიტარულ ოლქში,"- განაცხადა ლურსმანაშვილმა.


წყარო: .interpressnews.ge

Print