პოლიტიკა
ქუთაისში ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ პეტიციას ხელი მოაწერეს
FaceBook

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანია ,,თქვენთვის შეტყობინებაა’’ გაიმართა.


ღონისძიების მიზანს ბავშვთა ძალადობის ფორმებისა და მისი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს. კამპანიის ფარგლებში მოქალაქეები ხელს აწერენ პეტიციას, რათა მუნიციპალიტეტებმა და მთავრობამ გააუმჯობესონ სერვისები, რომლებიც მიმართულია ბავშვთა საჭიროებებისკენ.


მშობლების მიერ ბავშვების ძალადობირივი მეთოდებით აღზრდა, სააღმზრდელო დაწესებულებებში პროფესიონალი კადრების ნაკლებობა, ბავშვთა სახლში მცხოვრები მოზარდების დარღვეული უფლებები - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კამპანიის ფარგლებში გამახვილდა ყურადღება.


ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა არსებობდეს სარეაბილიტაციო სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

"ძალადობა მძიმე გავლენას ახდენს ბავშვების ფსოქო-ემოციურ მდგომარეობაზე,ძალადობის მსხვერპლი ბავშვები  ხდებიან დისფუნქციურები, საკუთარ თავზე განცდილი ძალადობრივი გამოცდილება შესაძლებელია სხვაზე გადაიტანონ და გახდნენ მოძალადეები. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ გააუმჯობესოს  სერვისები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვთა საჭიროებებს", - ამბობს პროექტის კოორდინატორი თინათინ ჭელიშვილი.


კამპანია "თქვენთვის შეტყობინებაა"  სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისი ორგანიზატორები არიან: "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის", სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), საზოგადოება „ბილიკი“, „სოციალური ქოლგა“, USAID-ის და საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამა PITA. კამპანია დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტისა და Save the Children-ის მიერ.
კამპანია ქუთაისის გარდა გორსა და თელავშიც იმართება.

Print