პოლიტიკა
„შოპინგი“ ამერიკულად
FaceBook

ორი თვის წინ მსოფლიო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპს (შესაბამისად შეერთებულ შტატებს) კუნძულ „გრენლანდიის“ შეძენა სურს. ამას მაშინვე ხუმრობა უწოდეს დანიის ყოფილმა თუ მომქმედმა პრემიერ-მინისტრებმა და, დასცინეს კიდეც.

 

აი, აქ კი, მე ისე გამეცინა, რომ სიცილით კინაღამ მოვკვდი. მაცინებდა ამერიკის შეერთებული შტატების განვლილი გზის, მისი ისტორიის საფუძვლიანად ცოდნა.

 

უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკელებმა თავიანთი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი არც მეტი, არც ნაკლები - იყიდეს!

 

მიწების ყიდვა ერთეულ შემთხვევებში ადრეც მომხდარა, მაგრამ როცა ქვეყანა ერთი ორად იზრდება მიზანმიმართული ვაჭრობის წყალობით, ეს უკვე უპრეცედენტო შემთხვევაა მსოფლიო ისტორიაში და დღევანდელ ბლოგში ამ პარადოქსულ ნასყიდობებზე მექნება საუბარი.

 

პირველი ასეთი ნასყიდობა შედგა ორი საუკუნის წინ, 1803 წელს და ის ლუიზიანას ნასყიდობის” სახელით შევიდა ისტორიაში.

 

დღემდე, ეს ყველაზე სარფიან და უპრეცედენტო ვაჭრობად ითვლება საკაცობრიო მეხსიერებაში.

ამით, - ერთი ხელის მოსმით დაიბადა მსოფლიოს დიდი მოთამაშე, ნასყიდობამდე პატარა, მაგრამ ნასყიდობით ერთი ორად გადიდებული ქვეყანა.

 

ამერიკის მესამე პრეზიდენტს თომას ჯეფერსონს სურდა ახალი ორლეანისა და ლუიზიანას ტერიტორიების პატარა და მცირე მონაკვეთის შესყიდვა საფრანგეთისგან.

 

მაშინ, ლუიზიანა წარმოადგენდა დავის საგანს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. 1800 წელს ლუიზიანაზე უფლება საფრანგეთმა განიმტკიცა, რადგან იქ მცხოვრებ ფრანგულენოვან მოსახლეობას არ სურდა ესპანური პროტექტორატის ქვეშ ცხოვრება და ყველაფერი იღონეს, რათა ეს ვრცელი ტერიტორიები საფრანგეთის იურისდიქციის ქვეშ მოქცეულიყო.

 

1802 წელს თომას ჯეფერსონმა საფრანგეთის პირველ კონსულთან მოსალაპარაკებლად წარგზავნა იმხანად ვირჯინიის გუბერნატორი და მომავალი ამერიკის პრეზიდენტი ჯეიმს მონრო და ამ ქვეყნის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაშინ საფრანგეთში ახლად გამწესებული ელჩი რობერტ ლივინგსტონი.

 

პირველი მცდელობა უშედეგო გამოდგა, ლუიზიანას გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი საგარეო საქმეთა მინისტრი დეტალეირანი იყო და მან ქვეყნის პირველი კონსული დაარწმუნა ამ გარიგების აბსურდულობაში.

 

ამ მოვლენათა პარალელურად გვადელუპასა და სან-დომენიკში მწვავდებოდა პოლიტიკური კონფლიქტი და საფრანგეთის საექსპედიციო ძალებმა ნაპოლეონის სიძის მეთაურობით ვერ შესძლო ჩაეცხრო სიტუაცია ამერიკის კონტინენტზე და ის მონათა აჯანყებაში გადაიზარდა.

 

მოკლედ, მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ ფრანგი შავკანიანი ჯარისკაცები აჯანყებულთა მხარეს გადავიდნენ და დაიწყეს პარტიზანული ომი კოლონიზატორთა წინააღმდეგ.

ამას ისიც დაემატა, რომ ყვითელი ციებ-ცხელების ეპიდემიამ იფეთქა და საფრანგეთის ჯარის სამი მეოთხედი იმსხვერპლა. ამან გამოიწვია დარჩენილი ჯარის ევაკუაცია ევროპაში.

 

ნაპოლეონისთვის ცხადზე უცხადესი გახდა, რომ საფრანგეთს არ ეყოფოდა ძალები ლუიზიანას შესანარჩუნებლად და სანამ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ჯარების მეშვეობით წაართმევდნენ ან ინგლისელები, ან ამერიკელები ამ მიწებს, ჯობდა ნებით დაეთმო და ამით სარგებელიც ენახა.

ნაპოლეონის ხელმოწერა ნასყიდობის ფურცელზე


ფრანგებმა გამოხატეს მზადყოფნა მთელი ლუიზიანას ამერიკისათვის მიყიდვის შესახებ, სადავო მოთხოვნების გადაცემის ჩათვლით. ეს იყო 828 კვადრატული კილომეტრი ფართობი, ბევრად აღმატებული ამერიკის იმდროინდელ ტერიტორიებს. ყველაზე თამამ და თავხედ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ ამერიკელები, თუ რა სიურპრიზს სთავაზობდა ნაპოლეონი მათ.

 

ისინი ასეთი წინადადებისთვის მზად ნამდვილად არ იყვნენ. ძნელი წარმოსადგენია ნაპოლეონისგან ასეთი გულუხვობა, მაგრამ ამას თავისი ლოგიკური გამართლება ჰქონდა. ფასიც დათქვეს - 15 მილიონი დოლარი.

 

ესე იგი, 1 აკრი მიწის ღირებულება შეადგენდა 3 ცენტს (1 ჰექტარი მიწა შესაბამისად უდრიდა 7 ცენტს). ნაპოლეონის სიჩქარე ამ გარიგებაში ნაკარნახევი იყო ძლიერი ფლოტის შექმნის სურვილით, რათა თანხები მოეძიებია ამისთვის და შეძლებოდა მეტოქეობა გაეწია ინგლისისათვის. ამერიკა კი წინასწარ, ოქროთი იხდიდა საფასურს. ასეთი იყო დათქმა.

 

როცა ვამბობთ “ლუიზიანას შეძენას”, უნდა ვიცოდეთ მაშინდელ ლუიზიანაში შედიოდა დღევანდელი არკანზასის, აიოვას, მიზურის, კანზასის, ოკლაჰომას, ნებრასკას შტატები, აგრეთვე ნაწილი იმ შტატებისა, როგორებიცაა მინესოტა, ლუიზიანა, ნიუ მექსიკო, სამხრეთ დაკოტა, ჩრდილოეთ ტეხასი, ვაიომინგი, მონტანა და კოლორადო.

 

ლუიზიანას ნასყიდობა ჯეფერსონს სჭირდებოდა მნიშვნელოვანი ნიუ-ორლეანის საპორტო ქალაქის შესაძენად. მართალია, მისი მიმდებარე მიწები არც თუ ისე სტრატეგიულად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ, მაგრამ მან მოიპოვა ასევე ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით აუთვისებელი მიწების ათვისების უფლებაც.

 

ამ ამერიკული შოპინგის თემას შემდეგ ბლოგშიც დავუბრუნდები, როცა ფლორიდას ყიდვაზე, ასევე საინტერესო თემის გაშლას შევეცდები.

Print