პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლო დაგროვებითი საპენსიო სისტემის სავალდებულოობაზე იმსჯელებს
FaceBook

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებითი საპენსიო სქემაში დასაქმებულთა ჩართვისა და დამსაქმებელთა შენატანის სავალდებულოობის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.


GDI-ის ინფორმაციით, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულოდ ჩართვისა და მათ სასარგებლოდ დამსაქმებლის შენატანების დავალდებულების კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნა საკუთრების უფლებასთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, თანასწორობის უფლებასთან მიმართებით კონსტიტუციურობის შემოწმების საფუძვლები ვერ დაინახა სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო სქემის მონაწილეთა სასარგებლოდ შენატანების განხორციელების მარეგულირებელ ნორმების ნაწილში.

სასამართლომ ასევე, არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. თუმცა, განჩინებას თან ერთვის მოსამართლე, ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი, რომელიც თვლის რომ სასამართლოს საპენსიო სქემაში დამსაქმებლის მიერ შენატანის განხორციელება გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეეჩერებინა. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია სადავო ნორმათა მოქმედებით დამსაქმებლის საკუთრების უფლებისთვის გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დამსაქმებლებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ მათ მიერ გაღებული, დასაქმებულთა საკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნების პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი, რაც, ნორმთა შეჩერების საფუძველია, თუმცა სასამართლომ მისი გადაწყვეტილება საჯარო ინტერესების დაცვის მოტივით გაამართლა.

“დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვარს მივმართეთ. სადავო ნორმები ადგენს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულოდ ჩართვის წესს, რაც თავის მხრივ დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო სქემაში კონტრიბუციის განხორციელებას ავალდებულებს.

მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებას.  ასევე, კონსტიტუციურ სარჩელში თანასწორობის უფლებასთან წინააღმდეგობის არგუმენტით სადავოდ იყო გამხდარი საპენსიო სქემაში დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფოს მონაწილეობის საკითხი. სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლო უკვე არსებით სხდომაზე იმსჯელებს”, – ნათქვამია GDI-ის განცხადებაში


წყარო: https://netgazeti.ge

Print