პოლიტიკა
წყალტუბოს მერიამ ქუთაისიპოსტს მუნიციპალიტეტის შენობაში მოქალაქეებთან დისკუსიის ჩატარებაზე უარი უთხრა
FaceBook
წყალტუბოს  მერიამ,  ქუთაისიპოსტს, მერიის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის დიკუსიის გასამართად ფართის დათმობაზე უარი უთხრა.
საუბარია, ქუთაისიპოსტის  რუბრიკაზე  "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ", რომლის ფარგლებშიც  მედიაორგანიზაცია უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე  საჯარო დისკუსიების ჩატარებას იმერეთის მასშტაბით.  

ქუთაისიპოსტმა დისკუსიის გამართვისთვის საჭირო ფართის მისაღებად წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ოფიციალური წერილით ორჯერ მიმართა.  პასუხად კი  გვითხრეს, რომ ჩვენს მიერ შერჩეულ დროს,  31 ოქტომბერს, 14 საათზე  მერიის სააქტო დარბაზი დაკავებულია, თუმცა, კონკრეტულად რა ღონისძიებაა დაგეგმილი, წერილში განმარტებული არ არის.

მეორეს მხრივ, წყალტუბოს მერია წერილში მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირები  "აქტიურად" ხვდებიან მოქალაქეებს  და ჩვენი ანუ სააგენტოს მხრიდან მსგავსი დისკუსიების ჩატარება  აუცილებლობას არ წარმოადგენს. 

"მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა საჯარო შეხვედრა მოსახლეობასთან, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც რიგითი წყალტუბოელები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. მერმა წარადგინა გაწეული მუშაობის ანგარიში, გამომდინარე აქედან,  დამატებითი შეხვედრის მოწყობა და დისკუსიის გამართვა აუცილებლობას არ წარმოადგენს", -  ნათქვამია წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ქალაქის მერი გრიგოლ იოსელიანი აწერს.






ქუთაისიპოსტმა ახალი სეზონიდან დაიწყო  რუბრიკა სახელწოდებით "
ხალხი და ხელისუფლება პირისპირ”, რომლის ფარგლებში მომზადდება თითეული მუნიციპალიტეტიდან  ვიდეობლოგები, სადაც ნაჩვენები იქნება სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე, სოფელში არსებული პრობლემების მიმართ.

რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი. რუბრიკის ფარგლებში, ყოველი თვის ბოლოს კი იმერეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მოეწყობა მრგვალი მაგიდა/საჯარო შეხვედრა.

შეხვედრაში სახელწოდებით “უპასუხე ხალხს” მონაწილეობას  მიიღებენ  კონკრეტული მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს იქნება მოსახლეობისა და ხელისუფლების შეხევდრა პირისპირ. მრგვალი მაგიდა იქნება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კონკრეტული კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაისახონ პრობლემების მოგვარების გზები.

Print