პოლიტიკა
მუნიციპალიტეტები იმერეთში, რომლებიც ნაქირავები შენობებით სარგებლობენ - TI -ის კვლევა
FaceBook
ტყიბული, საჩხერე, სამტრედია - ეს ის მუნიციპალიტეტებია იმერეთის რეგიონში, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების განსახორციელებლად შენობებს ქირაობს.
ამის შესახებ კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ" გამოაქვეყნა.

სამტრედიის  მუნიციპალიტეტს სამი შენობა აქვს ნაქირავები ფიზიკური პირისგან. როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, ნაქირავები შენობებით აიპები სარგებლობენ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  წელიწადში  5 175 ლარს იხდიან.

საჩხერის მუნიციპალიტეტში ერთი შენობა არის ნაქირავები, ქირის ღირებულება 4 560 ლარია, შენობით მხოლოდ ერთი დაწესებულება სარგებლობს. ანალოგიურად, ერთი შენობა აქვს ნაქირავები
ტყიბულის მერიას, რომლისთვისაც  ყოველწლიურად  1 500 ლარს იხდის.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველობებს, უფლებამოსილებებთან ერთად, საკმარისი ოდენობის ფინანსური რესურსები და ქონებაც არ გააჩნიათ, მეტიც - მუნიციპალიტეტებიტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ უძრავ ქონებას ფლობს ვიდრე თვითმმართველობა. ეს კი ხელს უშლის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.

"საქართველოში დეცენტრალიზაციის დაბალი დონე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თვითმმართველობებს, უფლებამოსილებებთან ერთად, საკმარისი ოდენობის ფინანსური რესურსები და ქონებაც არ გააჩნიათ, მეტიც - მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ უძრავ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა.

საკმარისი ოდენობის ქონების არქონა კი მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას, აფერხებს მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესს, აძვირებს მას, ხშირ შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონება გამოიყენონ შემოსავლების გასაზრდელად.


ხელისუფლება ამჟამად 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია თუ რა სახის და ოდენობის ქონება შეიძლება გადაეცეთ თვითმმართველობებს საკუთრებაში. ამასთანავე პრობლემურია შემდეგი გარემოებაც - დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მუნიციპალიტეტები შენობის ქირაობისას ხელშეკრულებას აფორმებენ სასურველი შენობის მეპატრონესთან, რაც ქმნის კორუფციული გარიგების რისკებს. ამ რისკის შესამცირებლად აუცილებელია დამკვიდრდეს უკეთესი სტანდარტი და კონკრეტული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო შენობა მუნიციპალიტეტმა შეარჩიოს საჯარო გამოცხადების, კონკურსის ან/და ფასთა გამოკითხვის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობასაც და თვითმმართველობის მიერ გასაწევი ხარჯების გარკვეულ ეკონომიასაც", - ნათქვამია კვლევაში. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადადგან ქმედითი ნაბიჯები თვითმმართველობების გაძლიერებისათვის და მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადასცენ ყველა ის ქონება, რაც, ერთის მხრივ, აუცილებელია მათი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, მეორეს მხრივ კი მუნიციპალიტეტებს გაუჩენს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

Print