პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს სანატორიუმებს ყიდულობს
FaceBook
ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს სანატორიუმებს ყიდულობს.
ამის შესახებ ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა.  

''ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტს ქართველებს წინაპრებისგან უნიკალური ქვეყანა გვერგო - დიდი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით და საოცარი ბუნებით. ჩვენ ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა შეუძლია.

სწორედ ასეთია წყალტუბო - უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი, ქმედით კონკურენციას უწევდა არამარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი. კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სტანდარტული მეთოდით მოეზიდა კერძო ინვესტიციები ტურისტული და სამკურნალო ბიზნესის განსავითარებლად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან განვითარების ერთიანი, კომპლექსური გეგმის და, რაც მთავარია, ამ გეგმის განხორციელების გარანტიის გარეშე, წერტილოვანი ინვესტიციების ჩადება ცალკე აღებულ ერთ სასტუმროში ან ბალნეოლოგიურ სპა-ცენტრში - მაღალი რისკის მატარებელი იყო და ბიზნესსაც არ გაემტყუნება, რომ არ გარისკა.


ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია - მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება'',- ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.


ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს განვითარებისთვის აპირებს იხელმძღვანელოს, წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, „KohL&Partners“ მიერ შემუშავებულ გეგმით.

გეგმის ფარგლებში , წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები.

საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 - 20 000 ადამიანი. 

Print