ახალი ამბები
"უსაფრთხოების ქამარი არ ეკეთა"- რას ამბობენ კომპანიაში, რომლის ობიექტიდანაც მუშა გადმოვარდა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე   მრავალსართულიან კორპუსს, რომლიდანაც მუშა გადმოვარდა,  კომპანია "თი-ემ"-ი აშენებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს უსაფრთხოების ქამარი არ ეკეთა.

მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, მამაკაცი ობიექტზე არასამუშაო დღეს, კვირას მივიდა და სამუშაოს თვითნებურად, საქმის მწარმოებლისგან დამოუკიდებლად ასრულებდა. თუმცა, როგორც ირკვევა, იგი ობიექტზე მარტო არ იმყოფებოდა და მეწყვილესთან ერთად მუშაობდა.

კომპანიის უსაფრთხოების მენეჯერი, ცოტნე ბარბაქაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში უარყოფს, რომ მშენებლობაზე დასაქმებულებისთვის კვირა სამუშაო დღეა და ამბობს, რომ ამ დროს ობიექტზე მხოლოდ დაცვა იმყოფება.


"საქმის მწარმოებელიც არ იყო ადგილზე, რომელიც აძლევს მუშას კონკრეტულ დავალებას. მხოლოდ დაცვა იყო, რომელიც ცნობს  რა თქმა უნდა  მუშებს  და უშვებს ობიექტზე. ვერ გეტყვით რატომ მოვიდა კვირა დღეს. ალბათ, რაღაც კონკრეტული სამუშაოს დასრულება უნდოდა. მერე, ალბათ, მოითხოვდა დასვენების დღეს. ეს იყო თავიდან ბოლომდე თვითნებური. არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი და ამიტომ მოხდა", -  ამბობს ცოტნე ბარბაქაძე.

უწევთ თუ არა მუშებს კვირა დღეს მუშაობა და უნდა შეეშვა თუ არა დაცვას არასამუშაო დღეს თანამშრომლები ობიექტზე, ამას გამოძიება დაადგენს.

მომხდარზე საქმე სსკ-ს  240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ახალგაზრდა, რომელიც  მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან  გადმოვარდა,  28 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეა.  მას კიდურების მოტეხილობა აქვს. დაშავებულს უკვე ჩაუტარდა ორი ოპერაცია. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.




ამავე თემაზე:

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა
Print