პოლიტიკა
"გარეთ გავალო და ფანჯრიდან გადავარდა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები გარდაცვლილ ქალზე
FaceBook
ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩაზე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადმოვარდნილი 67 წლის დარეჯან გოშხეთელიანი, შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.

თვითმხილველების თქმით, ხანდაზმული ქალი ჯერ მეოთხე და მესამე სართულებზე, აივანთან სარეცხის თოკებს გამოედო, ხოლო შემდეგ სადარბაზოს ბაღში დაეცა. მეზობლები ქუთაისიპოსტთან საუბარში ჰყვებიან, რომ გარდაცვლილი ავადმყოფობდა.  

მათი თქმით, მანამდე ის ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მარტო ცხოვრობდა, მოგვიანებით შვილმა ქუთაისში წამოიყვანა, რათა ავადმყოფი დედისთვის მიეხედა. 

"15 წუთის გასული იყო რძალი სახლიდან. საჭმელი ვაჭამეო და უცებ გავედი საქმეზეო. შვილიც მუშაობდა. ალბათ, იფიქრა, გარეთ გავალო და ფანჯრიდან გადავარდა, ამდენი ვერ მოიფიქრა. ყველა ნეკნი ჩამტვრეული ჰქონდა. სანამ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, ცოცხალი იყო და რძალსაც ესაუბრებოდა: მოდი, მოდიო", - ამბობს მეზობელი და თვითმხილველი ნაილი სახელაშვილი.

შემთხვევა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს მოხდა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print