პოლიტიკა
"ავარიული შემთხვევები თვეში ერთხელ მაინც ხდება'' - ავტოქარხნის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ხარებავას ქუჩის შესახვევთან არსებული საფრთხისშემცველი ვითარების გამო ტაქსის მძღოლები პროტესტს გამოთქვამენ.


როგორც ტაქსის მძღოლები ამბობენ, გზაჯვარედინზე გამოსულ ტრანსპორტს ერთი მხრიდან საზოგადოებრივი საპირფარეშო, მეორე მხრიდან კი, გაჩერებაზე მდგომი მიკროავტობუსები  ეფარება, რის გამოც გზაზე მომავალი ტრანსპორტის დანახვა ჭირს. ტაქსის მძღოლების თქმით, ჩაკეტილი მხედველობა ავარიული შემთხვევების მიზეზი ხდება.

 

ჯუმბერ გოგოლაძე ავარიაში ორჯერ მოჰყვა. მართალია, შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა, მაგრამ ავტომობილი მთლიანად შესაკეთებელი გაუხდა. ის ამბობს, რომ ავარიული შემთხვევები თვეში ერთხელ მაინც ხდება.


,,მუდმივად საფრთხის ქვეშ ვართ. აქეთ გაჩერებაზე მიკროავტობუსებია ჩამწკრივებული, იქით ის უფუნქციო ტუალეტი გვეფარება, ამიტომ ვერაფერს ვხედავთ. დროულად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა",  - ამბობს ჯუმბერ გოგოლაძე.

საკრებულოს დადგენილებით, ავტომშენებლის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტის სვლაგეზი ააიპ ,,სპეციალურ სერვისებამდე’’ დაგრძელდა, მაგრამ მიკროავტობუსის მძღოლები მაინც ძველ ადგილზე იცდიან.



ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ავტომშენებლის ქუჩაზე ავარიული შემთხვევები არა შეზღუდული ხილვადობის გამო, არამედ უმეტესად სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება. თუმცა აღნიშნავენ, რომ საკითხი შესწავლის პროცესშია და  მიმდინარეობს დაკვირვება თუ როგორ გახადონ გადაადგილება უსაფრთხო.







Print